ISFED-ის კორექტირებული PVT მონაცემებით „ოცნების“ მიერ მიღებული ხმების პროცენტი გაიზარდა

პუბლიკა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. 

მანამდე ISFED-ის პარალელური დათვლით “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6%. სხვაობა 1.8%-ია.

„ორგანიზაციის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიმდინარეობს ხარვეზის გამომწევევი მიზეზების მოკვლევა, რომელშიც ასევე ჩართულია “სამართლიანი არჩევნების” გამგეობა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე.  მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში“,- ნათქვამია განცახდებაში.

„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია ამგვარია:

ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები

საარჩევნო სუბიექტი გამოთვლილი პროცენტი ცდომილების ხარისხი მინიმალური შედეგი მაქსიმალური შედეგი
#41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
47.6% 0.7% 46.9% 48.3%
#5 ბლოკი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია
27.4% 0.6% 26.8% 28.0%
#2 ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია-ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის
3.8% 0.2% 3.6% 4.0%
#8 დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი
3.2% 0.1% 3.1% 3.3%
#56 ლელო – მამუკა ხაზარაძე
3.2% 0.2% 3.0% 3.4%
#27 ბლოკი – გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი
3.1% 0.1% 3.0% 3.2%
#36 გირჩი
3.0% 0.2% 2.8% 3.2%
#24 ალეკო ელისაშვილი – მოქალაეები
1.3% 0.1% 1.2% 1.4%
#10 შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია
1.0% 0.1% 0.9% 1.1%
 #3 ნინო ბურჯანძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა  0.9% 0.1% 0.8% 1.0%