„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტში ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. გვარამია პარლამენტში არ მივიდა. რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გვარამია ამბობს, რომ არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმაციას.
„მასხარაობა, ეს ყველაფერი მივიღე და არ მივედი სრულიად შეგნებულად… მე არ ვაპირებ გამონაკლისი ვიყო და ისტორიის ბნელ მხარეს ვიდგე, ეს ერთი, მეორე ეს კომისია შექმნილი საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, ამიტომ არ ვაპირებ ანტიკონსტიტუციური ორგანოების სრულიად გაუგებარი წარმომადგენლების თუ თავმჯდომარეების დანაბარების აღსრულებას. როცა პარლამენტში არ არის ოპოზიცია, ეს ზუსტად იწვევს ამ ტიპის შედეგებს, იგი ვერ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვერ დანიშნავს იმ პირებს, ვისაც სჭირდება ოპოზიციის თანამონაწილეობა და იგი ვერ შექმნის იმ ტიპის ორგანოებს, რომლებსაც სჭირდებათ ოპოზიციის თანამონაწილეობა მათ შორის საგამოძიებო კომისიას, ამიტომ, მე რატომ უნდა მადარდებდეს თეა წულუკიანის მოგონილი ზღაპარი“ – თქვა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, კომისიას სურდა მისი გამოკითხვა, თუ როგორი იყო ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2003-12 წლებში, რაც მისი კომპეტენცია არაა. გვარამიას თქმითვე, კომისიას აინტერესებდა 2012-25 წლებში როგორი იყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის ვითარება საქართველოში, მისი თქმით, ესეც აღემატება მის კომპეტენციას.