არ მჯერა, რომ რუსი დიქტატორი ოდესმე დაიმორჩილებს უკრაინელთა ეროვნულ გრძნობებს - ჯონსონი

პუბლიკა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვრცელ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან ეკონომიკურ სანქციების მასშტაბურ პაკეტზე, რაც რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს.

„პრეზიდენტმა პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი გააჩაღა. ის მეგობრულ ქვეყანას თავს დაესხა ყოველგვარი პროვოკაციისა თუ გამართლების გარეშე. აურაცხელი რაკეტა და ბომბი უდანაშაულო მოსახლეობს თავზე აწვიმს. იჭრებან ზღვით, ჰაერით და ხმელეთით… და ეს არ არის შორეული ქვეყანა, რომელზეც ცოტა რამ ვიცით. ჩვენ ამ ქვეყანაში გვყავს უკრაინელი მეგობრები, მეზობლები, თანამშრომლები“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და მსოფლიო არ დაუშვებენ, თავისუფლება წაართვან უკრაინას. მოკავშირეები კი გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას.

„ჩვენ მოკავშირეებთან ერთად შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების მასშტაბურ პაკეტზე, რომელიც რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს. ამ მიზნით, ჩვენ კოლექტიურად უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რომელიც დიდი ხანია, პუტინს აძლევს საშუალებას, გავლენა მოახდინოს დასავლურ პოლიტიკაზე. დიპლომატიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით, პუტინის ეს ბარბაროსული წამოწყება უნდა დასრულდეს მარცხით“, – განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონის თქმით, იმუშავებს მოკავშრეებთან ერთად, რათა უკრაინის სუვერენულობა და დამოუკიდებლობა აღდგეს. მისივე თქმით, თავზეხელაღებული აგრესიის ეს აქტი არის შეტევა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ დემოკრატიის წინააღმდეგ წამოწყებული შეტევა აღმოსავლეთ ევროპასა და მსოფლიო მასშტაბითაც.

„თუ მომავალი თვეები არის შავ-ბნელი, დარწმუნებული ვარ, უკრაინაში კვლავ სინათლე დაისადგურებს.  არ მჯერა, რომ ბომბებით, ტანკებითა და რაკეტებით, რუსი დიქტატორი ოდესმე დაიმორჩილებს და დათრგუნავს უკრაინელთა ეროვნულ გრძნობებს, მათ რწმენას, რომ მათი ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა ჯონსონმა.