„არ მოგაკვლევინებთ“ | კანცელარიასთან ქალების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით აქცია გაიმართა

პუბლიკა

„არ მოგაკვლევინებთ“ – ამ სახელმწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზაციებით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ის 46-ე დღეა შიმშილობს. პირადი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება.

კანცელარიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს სხვა მოშიმშილე პოლიტიკოსების მიმართ. პარლამენტის შენობაში უკვე მე-13 დღეა შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ასევე პარლამენტში შიმშილობს 9 დეპუტატი.

აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიიდან შეუერთდნენ მთავარ აქციას, რომელიც 3 საათზე დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა მსვლელობით „ავლაბრის“ მეტროდან მარჯვენა სანაპიროსკენ გადაინაცვლეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.