„არ შეესაბამება EU-ის ნორმებსა და ღირებულებებს" - ჰერჩინსკი რუსულ კანონზე

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირს დააშორებს, რადგან ის EU-ის ღირებულებებს არ შეესაბამება. ამის შესახებ მან დღეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და კანონპროექტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასება გაიმეორა.

„შეხვედრაზე პრეზიდენტმა გაგვიზიარა საკუთარი შეშფოთება საგარეო გავლენის შესახებ კანონპროექტზე. როგორც იცით, ევროკავშირს ჰქონდა ძალიან სწრაფი რეაქცია კანონპროექტის ხელახლა ინიციირებაზე. 24 საათში, 4 აპრილს იყო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება.

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომელიც ჩემი აზრით ხმამაღალი და მკაფიოა, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას არ მიიყვანს ახლოს ევროკავშირთან, საპირისპიროდ, ეს იქნება გართულება, რადგან ეს კანონი აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს”, – განაცხადა ელჩმა [ფორმულას თარგმანი].