არ შეიძლება ადამიანი 37,7 ტემპერატურით ინფექციურში წამოგორდეს - პრემიერი

პუბლიკა

არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერის თქმით, საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება.

„ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამდენიმე თაობა ვცხოვრობთ ერთად. ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ხანდაზმული მოხუცები არ დავაყენოთ ინფიცირების რისკის ქვეშ. ვისაც აქვს სურვილი და არ აქვს შესაძლებლობა, იზოლირებული იყოს, კოვიდსასტუმროში გადავიყვანთ. ეს გვაძლევს საშუალებას, მოქალაქეებს ექიმების მეთვალყურეობით ვუმკურნალოთ.

საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც აუცილებლად სჭირდება საავადმყოფო. ესენი არიან ფეხმძიმე ქალბატონები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მატარებლები. არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმისთვის, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენივე თანამოქალაქეებს, ვისაც სჭირდება, მის ადგილს ვიკავებთ ისე, რომ არ არის ამის აუცილებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.