არ შეიძლება ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ბავშვების 35%-ს შია და თქვათ, რომ ეს სახელმწიფოს საქმე არაა - წითლიძე

პუბლიკა

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებსეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

პუბლიკა დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის თქმით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბის კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მისი შეფასებით, სახელმწიფოს პრიორიტეტი ბავშვები არ არიან და ხშირად პოლიტიკური პროცესები ისეთია, რომ ბევრი სხვა საკითხი ხელოვნურად იქმნება პრიორიტეტად, რათა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი გადაიფაროს.

წითლიძე მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთი გამოსავალი ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ეკონომიკური განვითარებაა, რომელსაც უშუალოდ ოჯახები იგრძნობენ და მათ გააძლიერებს.

„იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბავშვთა სიღარიბე და შიმშილი აღმოიფხვრას, ამას სჭირდება ის, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი, კონკურენტული გარემო და ადამიანებს უნდათ ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება. უნდა განვითარდეს ეკონომიკა. ეს ბავშვები სახლში რომ მიდიან, ორი მშობლიდან ერთიც არ ხვდებათ სახლში, იმიტომ, რომ ემიგრაციაში არიან წასულები ოჯახების სარჩენად.

საჭიროა ისეთი ეკონომიკური განვითარება, რომელიც უშუალოდ ოჯახებს შეეხება, მათ გააძლიერებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივა და არა ისეთი, რომელზეც ქვეყნის პრემიერი საუბრობს. ვგულისხმობ ე.წ. ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ეხება მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობას, ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული.

საერთო ფონი არის უმძიმესი და დასაქმებასთან ერთად საჭიროა, რომ ამ ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები და ანაზღაურება და ეს ყველაფერი შესაბამისობაში იყოს იმ ფასებთან, რომლებიც ამ ქვეყანაში არის. დღეს ფასები  ყველაფერზე არის ბევრად უფრო მაღალი და კატასტროფული, ვიდრე ადამიანების ანაზღაურება. ბავშვებს რომ შიათ, ეს ხომ ნიშნავს რომ ოჯახს უჭირს? ოჯახს შია და ვერ ახერხებენ, რომ ბავშვი გამოკვებონ“, – ამბობს წითლიძე.

ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა, ბავშვებისთვის უფასო სასკოლო კვების შეთავაზებაა.

როგორც ის ამბობს, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მომზადდა საპარლამენტო ანგარიში, რომლის მიზანიც იყო სამინისტროსთვის უფასო სასკოლო კვების პროგრამის განსახორციელებლად, რაც შეიძლება მოკლე და ეფექტური გზის ჩვენება. მისივე თქმით, როდესაც ბავშვებს სკოლაში შიათ, ყველა სხვა პრობლემა მეასეხარისხოვანია.

ორი ვარიანტია, პირველი ეს არის – ლანჩბოქსები. ჩვენ აქ ვგულისხმობთ გამზადებულ ბოქსებს. რადგან სკოლების უმრავლესობაში სასადილოები არ არის და სამინისტროს ეს არგუმენტი აქვს, ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივ თვითმმართველობას მივცეთ საშუალება, გამოაცხადოს ტენდერი ლანჩბოქსების შესყიდვაზე და როდესაც ბაზარი იქნება კონკურენტუნარიანი, ბევრი ადგილობრივი კომპანია ჩაერთვება პროცესში. ამ გამზადებული ლანჩბოქსის გაცემა კი ნებისმიერი სუფთა ოთახიდან არის შესაძლებელი.

მეორე ვარიანტი, რომელსაც მე უფრო ნაკლებად ვემხრობი, ესაა საბარათე სისტემა, ე.წ. სქულქარდები, რომელიც წალენჯიხაშია გაკეთებული. თითოეულ ბავშვს აქვს ბარათი, რომელზეც ყოველდღიურად ერიცხება 4 ლარი და მშობელს აქვს შესაძლებლობა, უყიდოს საკვები. როგორც გამოსავალი, სულ არაფერთან შედარებით, კარგია, მაგრამ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ეს თანხა ხმარდება თუ არა ბავშვს. ამის გამო მშობლებთან ჩავატარებინე კვლევა და აღმოჩნდა, რომ ამ თანხით მშობლები ყიდულობენ, მაგალითად, შაქარს, ესეც მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე და ამასაც ბავშვებისთვის, თუმცა უშუალოდ სკოლაში ეს თანხა ბავშვამდე არ მიდის.

უკვე წლებია, განათლების სამინისტროსგან ერთნაირ პასუხს ვიღებთ, რომ მუშაობა მიმდინარეობს და ასე შემდეგ, თუმცა დაიწყო ახალი სასწავლო წელი და ბავშვებს სკოლებში ისევ შიათ. არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტად არ ჰყავდეს ბავშვები. მაშინ, როდესაც ბავშვები ამბობენ რომ შიათ, ყველა სხვა პრობლემა არის მეასეხარისხოვანი“, – ამბობს წითლიძე.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ დათვლილი და გათვალისწინებულია ყველა ის კალორია, რომელიც ბავშვს ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის სჭირდება. წითლიძის თქმით, წელიწადში თითო ბავშვის კვებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს 680 ლარი დაუჯდება, პროგრამის განხორციელება კი 200 მილიონი ლარი დაჯდება.

წითლიძე ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი მანიპულაციაა და ყველაზე კარგად მოსახლეობისა და ოჯახების მდგომარეობა ქუჩაში ჩანს.

„მე არასდროს მჯეროდა რიცხვების, არცერთი ხელისუფლების პირობებში. ყველაზე კარგად ვითარება ჩანს ქუჩაში, რა სიტუაციაში ცხოვრობს ხალხი, რა ფასებია, რა პრობლემები აქვს მოსახლეობას. ამას პრემიერი „ლენდ კრუიზერიდან“ ვერ დაინახავს.

რეალურად კი ყველაფერი იცის, თუმცა ასეთ ავტოკრატიულ რეჟიმებს ზუსტად რიცხვებით მანიპულირება ახასიათებთ და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა მანიპულაცია.

მე არ მახსოვს ემიგრაციაში წასული ამდენი ადამიანი და რის გამო მიდის ეს ხალხი? პერსპექტივას ვერ ხედავენ, უიმედობაა ქვეყანაში და ეს არის გამოწვეული იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომელშიც მოსახლეობა იმყოფება. ამ ბავშვებს რომ შიათ, ეს ხომ ნიშნავს, რომ ოჯახს უჭირს? ოჯახს შია და ვერ ახერხებენ რომ ბავშვი გამოკვებონ. რომელ ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი არ მესმის“, – აღნიშნავს ანა წითლიძე.