არ ვაპირებთ ჯარიმის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში - გვარამია კომუნიკაციების კომისიის ჯარიმაზე

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიაში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას არხის დაჯარიმების შესახებ ცენზურის მცდელობად აღიქვამენ. გვარამიას თქმით, უპრეცედენტოდ მაღალია ჯარიმის ოდენობაც, რაც „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე მეტყველებს. შესაბამისად ისინი ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2 კლიპის გამო: პირველი იყო სირცხვილიას კლიპი — ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილი იქნა, როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრებს. ამით შეიზღუდა არა მხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც.

მეორე კლიპი იყო, გახსოვთ ალბათ, „კლავს“. ორი კლიპი იყო ასეთი – ერთი იყო პოლიტიკოსებზე, რომელიც სააკაშვილზე საუბრობენ, მეორე იყო ციხის ადმინისტრაციაზე. აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ ჩათვალა და კომისიამ ჩათვალა წინასაარჩევნო კლიპებად, პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გაიყვანა.

ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევის მიზნით, მეორე პოლიტიკური  ძალის ანტირეკლამას. ასეც შეიძლება ჩაითვალოს. მე ვკითხულობ, რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ ან ვისი არჩევის მოტივაციით იყო ეს? მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს სარჩევნო სუბიექტი.

შესაბამიად, ფორმალურადაც და მატერიალურადაც აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს – ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზეც, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ მომავალში მისდამი მიმართული ნებისმიერი კრიტიკული, სოციალური ვიდეორგოლის გამო დააჯარიმოს მედია.

„გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას გავუშვებთ ხვალ ყველა შემთხვევაში. ისევე, როგორც არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა ამ ტესტს. სრული უკანონობის ტესტს“, – თქვა გვარამიამ.


კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დღეს 111 903 ლარით დააჯარიმა – ინფორმაცი თავად „მთავარი არხმა“ გამოაქვეყნა.

არხის ინფორმაციით, სანქცირება კომისიამ „სირცხვილიას“ მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო გადაწყვიტა. აღნიშნულ რგოლში, „ქართული ოცნების“ წევრების ფოტოკოლაჟით პუტინის გამოსახულება იქმნება.

გარდა ამისა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, მარეგულირებელმა „მთავარ არხს“ სანქცია დააკისრა ვიდეორგოლების გამო, სახელწოდებით – „კლავს“.