არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არც არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას არ ვაპირებთ - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება.

მისი თქმით, ისინი არ არიან არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ აპირებენ.

„ჯგუფი კონკრეტული სამოქმედო გეგმის გარეშე ვერ იქნება. ჩვენ ჩვენეული ხედვა ჩამოვაყალიბეთ, რა გზით შეიძლება წავიდეს ეს პროცესი, სხვა ხედვას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუკი ეს იქნება მათი პარტიული ინიციატივა, კი ბატონო, გააკეთონ.  ჩვენ ორგანიზატორები რომ არ ვართ აქციების, ეს არ ნიშნავს, რომ სამართლიან მოთხოვნისი სახით როდესაცაა პროტესტი, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამაზე პოზიცია არ გვქონდეს, ან ჩვენი წარმომადგენლები არ შეუერთდნენ გარკვეულ აქციებს“, – ამბობს გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, აქციების უკან მდგარ სტრატეგიას დეტალურად ვერ ხედავს. ამიტომ, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პროცესი აჩვენებს, დღეს ეს პოზიცია აქვთ და თუ დაინახავენ ისეთ ინიციატივას, რომელიც უკეთეს გამოსავალს აჩვენებს, მზად იქნებიან იმსჯელონ.