არ ვართ ვალდებული, ავხსნათ, რა მიზეზით დასახელდა ჟიურის წევრი - სამინისტროს პასუხი „ლიტერას“ ჟიურიზე

პუბლიკა

„არც მწერალთა სახლი არაა ვალდებული, ახსნას, თუ რა მიზეზით დაასახელა კომისიის ოთხი წევრი და არც სამინისტრო – ერთი წევრის შესახებ“, – განუცხადეს „პუბლიკას“ კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კითხვაზე პასუხად – თუ რატომ შეარჩიეს იოსებ ჭუმბურიძის კანდიდატურა ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის მეხუთე წევრად.

„მწერალთა სახლის“ ცნობით, წელს პირველად ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის 5 წევრიდან  4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანების – „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ – დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

ასევე წელს პირველად  მწერალთა სახლის პრემიების ახალი დებულების თანახმად, ჟიურის ვინაობა საჯაროა. წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთია:

  1. ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე
  2. რეზო თაბუკაშვილი – მწერალი
  3. ლელა კოდალაშვილი – მწერალი,  კრიტიკოსი
  4. ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
  5. იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი

როგორც „პუბლიკამ“ გაარკვია, სამინისტროს მიერ შერჩეული ჟიურის მეხუთე წევრი, იოსებ ჭუმბურიძე სამინისტროში  შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტშია დასაქმებული.

ინფორმაცია „პუბლიკას“ თავად იოსებ ჭუმბურიძემაც დაუდასტურა და გვითხრა, რომ სამინისტროში 2020 წლის დეკემბრიდანაა დასაქმებული. რაც შეეხება კითხვაზე პასუხს, თუ როგორ მოხდა მისი ჟიურის წევრად შერჩევა, ჭუმბურიძე ამბობს, რომ:

„ჩემი კვალიფიკაციის მიხედვით შემარჩიეს ალბათ… ჩემი ბიოგრაფიის, ჩემი გამოცდილების მიხედვით… ალბათ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, როგორც გითხრათ… იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ალბათ მე ვიყავი შესაფერისი.“