პროტესტის ნიშნად „ლიტერას“ კიდევ ორი მწერალი ტოვებს

პუბლიკა

ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ სიიდან პროტესტის ნიშნად კიდევ ორმა კონკურსანტმა, პოეტმა ირაკლი კაკაბაძემ და მწერალმა ეკა კევანიშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.

წელს პირველად „ლიტერას“ ჟიურის  5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დანიშნა.

პოეტმა ირაკლი კაკაბაძემ სხვა მწერლებსაც მოუწოდა, „ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში“, გამოხატონ თავიანთი პოზიცია. 

„დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ცნობილია, როგორც ძალადობის წამხალისებელი, ჰომოფობიის მხარდამჭერი, ზიზღისა და სიძულვილის დამმკვიდრებელი, ასევე კულტურის სამინისტროს მართვისთვის სრულიად არაკომპეტენტური პირი, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ „მწერალთა სახლში“, როგორც ბოლშევიკური წესია, მიავლინა და დანიშნა.

რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან. მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.

აქვე სოლიდარობას ვუცხადებ „მწერალთა სახლს“ და მის თანამშრომლებს, რადგან მგონია, რომ „ბიძინას გაუმა…“ მყვირალა მინისტრის გადაწყვეტილება, უპირველესად ამ ორგანიზაციის დიდ იდეასა და სულისკვეთებას აზიანებს და ებრძვის“, – აღნიშნავს ირაკლი კაკაბაძე.

ეკა კევანიშვილი კი აღნიშნავს, რომ „ზემოდან“ დანიშნული ჟიურის წევრი უსიამოვნო და საშიშია:

„ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მაგრამ ერთი „ზემოდან“ დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს“, – წერს კევანიშვილი.

(ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2020-ის მონაწილეთა გრძელი სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.)


მანამდე პრემია „ლიტერას“ სამი მწერალი გამოეთიშა. კონკურსიდან წიგნები მოხსნეს ტორესა მოსიმ და მათე სარალიშვილმა, ასევე, კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვა წიგნის დიზაინერმა ნატალია ავალიანმა. ისინი პროტესტს გამოთქვამენ და ბოიკოტს უცხადებენ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს.