ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარტია „ევროპული საქართველოს“ კვოტით გასული დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოსაწერად მივიდა.
პარტია „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს ხელს არ აწერს. არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
„მოვედი ხელის მოსაწერად. მოვედი იმიტომ, რომ, რაც აქამდე გაკეთდა ოპოზიციის, აქტივისტების მხრიდან, ეს არის მხოლოდ დასაწყისი და დასასრულებელია ეს ბრძოლა. უნდა მოხდეს სრული დემონტაჟი არანორმალური სისტემისა, რომელიც შეიქმნა ამ წლების განმავლობაში. თუ ეს ასე არ მოხდა, ეს ქაღალდი, რაზეც ხელი უნდა მოვაწერო იქნება ფარატინა ქაღალდი და სხვა არფერი. მე მზად ვარ ბრძოლისთვის ბოლომდე.
მე არ ვათანხმებ ჩემს პირად გადაწყვეტილებას, პოლიტიკაში მით უფრო, არავისთან, როდესაც ვხვდები, რომ აქ და ახლაა მისაღები ეს გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტია, მათ შორის, „ევროპული საქართველოც“ მალე შეუერთდება ამ ოპოზიციურ ერთობას, რომელიც დღეს იწყებს რეალურად ახალ ეტაპს ბრძოლისა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურმა მხარეებმა ევროკავშირის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.
მას ესწრებოდნენ პროცესის მედიატორები – ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით ერთვებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს:
- „ქართულმა ოცნებამ“ (არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა)
- „ლელომ“ (ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ)
- „სტრატეგია აღმაშენებელმა“(გიორგი ვაშაძემ)
- „გირჩმა“ (ვახო მეგრელიშვილმა)
- „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ (ზურა ჯაფარიძემ)
- სალომე სამადაშვილმა
- დავით ბაქრაძემ
- „რესპუბლიკურმა პარტიამ“(ხათუნა სამნიძემ)
- „მოქალაქეებმა“ (ალეკო ელისაშვილმა)
ხელმოწერის ცერემონიას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის წევრი თაკო ჩარკვიანი.