პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურმა მხარეებმა ევროკავშირის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.

მას ესწრებოდნენ პროცესის მედიატორები – ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით ერთვებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • „ქართულმა ოცნებამ“ (არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა)
  • „ლელომ“ (ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ)
  • „სტრატეგია აღმაშენებელმა“(გიორგი ვაშაძემ)
  • „გირჩმა“ (ვახო მეგრელიშვილმა)
  • „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ (ზურა ჯაფარიძემ)
  • სალომე სამადაშვილმა
  • დავით ბაქრაძემ
  • „რესპუბლიკურმა პარტიამ“(ხათუნა სამნიძემ)
  • „მოქალაქეებმა“ (ალეკო ელისაშვილმა)

ხელმოწერის ცერემონიას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის წევრი თაკო ჩარკვიანი.


რას გულისხმობს დოკუმეტი:

გთავაზობთ დოკუმენტიდან პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ პუნქტებს უცვლელად.

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება 

  • საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

  •  გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

  • ვადები: 1. ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები.

  • 2. ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს

მომავალი არჩევნები

  • ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (…) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება.“ პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.

ვადები: მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმების ხელმოწერისთანავე.

LB loan image desktop LB loan image mobile