არ ვემხრობი ივანიშვილის შექმნილ კანონს, ამიტომ ვარ აქ - „იმედის“ ტელეწამყვანი აქციაზე

პუბლიკა

ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი აქციაზე იმყოფება, სადაც რუსულ კანონპროექტებს  აპროტესტებენ. ის სამთავრობო ტელევიზიის, „იმედის“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია.

სალომე ღვინიაშვილის კომენტარი აქციაზე „მთავარმა არხმა“ ჩაწერა. ის ამბობს, რომ აქციაზე ქვეყნის და საკუთარი შვილების ევროპული მომავლისთვისაა.

„ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების მომავლისთვის ვარ აქ – ევროპული საქართველოსთვის. არა რუსულ კანონს. არ ვემხრობი და მაგიტომ ვარ აქ. …იგულისხმება, რა თქმა უნდა ხელისუფლება, …ხო, არ ვემხრობი ბიძინა ივანიშვილის შექმნილ კანონს”, – თქვა სალომე ღვინიაშვილმა.

პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ისინი ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.