მე ვარ საჯარო მოხელე და ახლა ვდგავარ იქ, სადაც აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ - ამირგულაშვილი

პუბლიკა

„მე ვარ ქართველი საჯარო მოხელე და არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მივეკუთვნები, ვემსახურები მხოლოდ საქართველოს! იქ ვდგავარ ახლა, სადაც მგონია რომ აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ კანონი, რომელმაც უკვე დაგვაზიანა, დააზიანა ჩვენი ევროპული ურთიერთობები და საერთაშორისო იმიჯი“, – წერს საჯარო facebook-პოსტში გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი.

„ეს კანონი არ ემსახურება გაერთიანების, მშვიდობის, აღმშენებლობის და ჩვენი ისტორიული და თავისუფალი ევროპული განვითარების საქმეს! ეს კანონი იმდენად ბოროტულია, რომ ის განხილვამდეც კი არ უნდა მისულიყო! დამოუკიდებლობის სამი ათეული წელია გამუდმებულ დაძაბულობაში ვცხოვრობთ – ეს უნდა დასრულდეს! უნდა დასრულდეს, რათა ბევრი მონდომებით, შრომითა და ქვეყნის სიყვარულით ქართული, ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ! ეს ის მდგომარეობაა, როცა ისტორიის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, ისტორიის ქართულ მხარეს, ისტორიის ევროპულ მხარეს!“,- წერს ამირგულაშვილი.

ამ წუთებში პარლამენტთან მორიგი მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება.

პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ისინი ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.