არ ვიცი რამდენად ესმით სიტუაციის სიმწვავე. იმედია, რომ ესმით - ხოშტარია „ოცნების“ წევრებთან შეხვედრაზე

პუბლიკა

„ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ ვისაუბრო კობახიძისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნაცვლად. მე მათი სიტყვებით ვერ ვისაუბრებ. მე არ ვიცი, რამდენად ესმით სიტუაციის სიმწვავე. იმედს ვიტოვებ, რომ ესმით. მაგრამ არ ვიცი, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილება იქნება“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც პარლამენტის შენობაში უკვე მე-15 დღეა, შიმშილობს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შესახებ განაცხადა.

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მან მმართველi პარტიის წარმომადგენლებს შესთავაზა ის ვერსიები, რომლებიც შესაძლოა გამოსავალი იყოს. ელენე ხოშტარიას თქმით, „მათ აქვთ დრო, არც თუ ისე ბევრი, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“.

„პირველი, რაც მინდა ვთქვა, მზად ვარ აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც, კატეგორიულად ხაზს ვუსვამ, იქნება შედეგზე ორიენტირებული და შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა უბრალოდ ვინმეს მოგება ან ვინმეს წაგება და კუნთების თამაში. ამიტომ, ჩემი კარი ღია არის ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში „ქართული ოცნებიდან“, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ის „ოცნების“ წარმომადგენლებს შიმშილობის მოტივაციაზეც ესაუბრა. „ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხური ვითარებიდან“, – განაცხადა ხოშტარიამ.

„ძალიან მნიშვnელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალოს, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში ან ვინმე აპირებს უკან დახევას. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყნის ჩიხში გადავარდნისთვის… ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის ყველაფერს ვიზამთ და ეს სიმტკიცე მე მათ, რა თქმა უნდა, გავუზიარე.

ამასთანავე, ჩემი ამოცანა არ არის არავის, ამ კონკრეტულ საკითხში ვინმეს, კედელთან ან კუთხეში მიმწყვდევა. ვარ სრულიად მოქნილი. თუ ჩვენ მიხეილ სააკაშვილს გადავიყვანთ გლდანის კლინიკიდან, რომელიც არის არაადამიანური მოპყრობის პირობებში, ნებისმიერ სხვა საკითხზე ვარ აბსოლუტურად მოქნილი თანამშრომლობისთვის. ეს არ არის საკითხი, სადაც ვინმე აპირებს, რომ გამარჯვება იზეიმოს ან კუთხეში მიამწყვდიოს მეორე მხარე“, – განაცხადა მოშიმშილე პოლიტიკოსმა.


ხოშტარიას მოსანახულებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ორ დეპუტატთან, მამუკა მდინარაძესა და შალვა პაპუაშვილთან, ერთად მივიდა.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია და რაღაც მოსაზრებებიც ყველაფერთან დაკავშირებით რაც ამ პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ჩვენი თხოვნა მის მიმართ არის, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს არის ჩვენი თხოვნა. შეგვიძლია, ეს საჯაროდაც გავაზიაროთ. გვქონდა მეგობრული საუბარი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც შემიძლია გაგიზიაროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ელენე ხოშტარიამ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. 

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა თქვა, რომ ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუკი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანენ იმ სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გადაწყვეტს.

ამავე დღეს სააკაშვილმა ხოშტარიას მოუწოდა, შეეწყვიტა შიმშილობა, თუმცა ხოშტარიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში, ის შიმშილობას არ შეწყვეტს.