პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელზეც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ, ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა, დათო ჭიპაშვილმა ნათია თურნავას მიმართა.
ის გამოეხმაურა მინისტრის განცხადებას, ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკის შესახებ.
„ერთი საკითხია, რაც ყურში მომხვდა, რომ, თურმე, რაღაც დაყოფილი ყოფილა ეს ხალხი რაღაცა ჰომოფობებად, ქსენოფობებად, არაჰესებად და კიდევ რაღაცებად.
მე ნამდვილად არსად გამიგია, არ ვიცი, ტერმინების არევასთან გვაქვს საქმე თუ რა, არ ვიცი, მაგრამ ჰომოფობიური განცხადებები არავის არსად, მით უმეტეს, ამ პროექტთან დაკავშირებით არ გაუკეთებია და, მით უმეტეს, რა შუაშია საერთოდ ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები, როდესაც ენერგოპოლიტიკაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ჭიპაშვილმა.
ნათია თურნავამ კომიტეტის სხდომაზე ნამახვანჰესის კრიტიკის შესახებ ისაუბრა და გამოთქმული მოსაზრებები, პირობითად, 3 ბლოკად დაჰყო:
„პირველი ნაწილი ეს არის ზოგადად უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ, ე.წ. „არა ჰესებს“.
მეორე ნაწილი, ეს არის, მე ვიტყოდი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური უცხოური ინვესტორის მიმართ და წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა;
მესამე ნაწილი არის უფრო საქმიანი, კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც შეეხება კონკრეტულად პროექტის დეტალებს, კვლევებს, ხელშეკრულებას და ა.შ.“, – განაცხადა თურნავამ.