შემაშფოთებელია, რომ დეპუტატები აბსოლუტურ დილეტანტობას ამჟღავნებენ - გოლეთიანი

პუბლიკა

„ისევ დუმილი სჯობდა ისეთ განცხადებებს, რომელიც საპარლამენტო ტრიბუნიდან მოვისმინეთ”, – ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი პლენარულ სხდომაზე ჰესთან დაკავშირებით დეპუტატების გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„ერთმა დეპუტატმა, ბ-ნმა ავთანდილ ენუქიძემ თქვა ასეთი რაღაც – 10 კმ-ის რადიუსით მიეცით მოსახლეობას დენი და ყველა პრობლემა მოგვარდებაო. ასეთი „ჭკვიანური“ აზრი თქვა. ბატონმა ზაზა ლომინაძემ თქვა, რომ დასაქმების მიმართულებით კომპანიამ დაუშვა შეცდომებიო და თუკი ის დაასაქმებს მოსახლეობას ან დასაქმების მიმართულებით არ ვიცი ზუსტად, რა ჩავარდნები იგულისხმა, რომელიც ჰქონდა კომპანიას, ამ შემთხვევაში აღარ იქნება პროტესტიო.

აღნიშნული შეფასებები უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ჩვენთვის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ თუ ეს ხალხი მსგავსი კომპეტენციით განიხილავს პარლამენტში სხვადასხვა საკითხს, როგორც ახლა ნამახვანთან დაკავშირებით გამოთქვეს, ეს არის ალბათ ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ აბსოლუტურ დილეტანტობას ამჟღავნებენ ადამიანები და, მიუხედავად ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა ამ საკითხები მიმართ, აბსოლუტურად საჭიროდაც არ თვლიან, რომ ცოტა უფრო მეტად გათვითცნობიერდნენ საკითხებში და უფრო კომპეტენტური აზრები გამოთქვან, რომ ადამიანს ამ ყველაფრის მოსმენის დროს არ გაეცინოს.

დასკვნა აქედან, რომ საპარლამენტო დონეზე, პრაქტიკულად, არცერთ დეპუტატს არ ჰყოფნის კომპეტენცია, რომ რაღაც ადეკვატური აზრები იქონიონ საკითხთან დაკავშირებით.

და ისევ ვუბრუნდებით მოჯადოებულ წრეს, რომ კონკრეტულ ვიწრო ჯგუფს, ვინც თავის დროზე მწვანე შუქი აუნთო ამ პროექტს და ინვესტორს იმის უფლება მისცა, რომ აეშენებინა ნამახვანჰესის კასკადი, ისევ იმ ადამიანების ამარა ვრჩებით და ამ ადამიანებმა უნდა გადაგვიწყვიტონ, აშენდება თუ არა ნამახვანჰესების კასკადი. მაკონტროლებელი არ გვყავს არავინ, რადგან, წესით, მაკონტროლებელი ვინც უნდა იყოს, ეს ხალხი აბსოლუტურად არაადეკვატურია თავისი გამოსვლებით”, – განაცხადა გოლეთიანმა.

ის facebook-ჩართვისას ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მათი მხრიდან მსგავსად არავინ არ არის განწყობილი, რაც კომპანიის წარმომადგენელთან ურთიერთობის დროსაც გამოჩნდა. 

„ის, რომ თვითონ სპეკულირებენ საკითხებით, რომ თითქოს ჩვენ ვაღვივებთ ეთნიკურ შუღლს და რაღაც ქსენოფობიური განცხადებები ისმის, ეს არის ხელისუფლების პროვოცირებული პირველ რიგში, თუ ვინმე აქ ცალკეული პიროვნება რაღაც შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს.

ჩვენ, ვინც რიონის ხეობაში ვართ უკვე 130 დღეა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენიანებსაც, სხვისიანებსაც და ზოგადად ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან, რომ მათ არ მიეცეთ ამ თემებით სპეკულირების საშუალება. ახლა მთელი ოპოზიციური სპექტრიც ჩვენზე ამბობს, რომ თითქოს ეს აქცია იყო რაღაც ქსენოფობიური და ა.შ. გამოვირჩეოდით ქსენოფობიური ენით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის მათი ბრალდებები.

ვინც აქციაზე ვიყავით, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია და აქ არავინ განწყობილი არ არის, რომ რაღაც მსგავსი შეფასებებით გამოვიდეს თუნდაც მეზობელი სახელმწიფოს მიმართ და ჩვენ, პრინციპში, ჩვენი დამოკიდებულება ცალსახად ვაჩვენეთ ბ-ნ ზეკის მისამართით მათ შორის, რომელიც ნამდვილად შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციებით და ასევე, სიტყვიერადაც გვაყენებდა შეურაცხყოფებს. ნახა ეს მთელმა საქართველომ და ჩვენ სრულად შევიკავეთ თავი იმ მომენტში და მას არაფერი არ ვუთხარით იმიტომ, რომ ვაცნობიერებთ სწორედ ამ რისკებსა და საშიშროებებს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისი პროვოცირება ხდება თვითონ ხელისუფლების მხრიდან და ის არ ცდილობს, განმუხტოს ეს პროცესები”, – განაცხადა გოლეთიანმა.