არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში სუნის გაშვებაზე – ნადირაშვილი

პუბლიკა

არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში სუნის გაშვებაზე – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგზე.

„მე დღეს ვიყავი კომიტეტზე, შემდეგ – სხდომათა დარბაზშიც. მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება – მონაწილეობდნენ თუ არა დამოუკიდებელი დეპუტატები კენჭისყრაში. როცა შევედი დარბაზში, სკამების ნაწილი იყო ცარიელი. ქალბატონ ნატო ჩხიძესთან შევჩერდი, ალბათ, 30 წამი, ვკითხე და გავედი დარბაზიდან. ძალიან უხერხული და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებები. არც კი მინდა, რომ ამას სერიოზულად მივუდგე“,  – ამბობს ნადირაშვილი.

მისივე თქმით, უკვირს, თუ რატომ ადებენ ხელს მას ასე უაპელაციოდ უმრავლესობის წარმომადგენლები, რადგან მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო პასუხისმგებლობა პარლამენტში სუნის გაშვებაზე. ნადირაშვილის თქმით, მამუკა მდინარაძემ ბოდიში  უნდა მოუხადოს მას.

პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უვადოდ არჩევაზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, ასევე ნიკა მელიასთავის უფლებამოსილების შეჩარებაზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით სუნი გაუშვეს, რის შედეგადაც გამოცხადდა შესვენება.


„პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა „სირცხვილია”. სისტემა ყარს”, –  ამის შესახებ მოაძრაობა საკუთარ facebook-გვერდზე წერს.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას შოთა დიღმელაშვილი ამბობს, მოძრაობა „სირცხვილიას” ინიციატივით სპეციალური კაფსულა შეიტანეს სხდომათა დარბაზში და ცუდი სუნი გაუშვეს.

„ეს კაფსულები არ არის მომწამვლელი და ტყუილი პანიკაა”, – ამბობს დიღმელაშვილი.