ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის არ იქნება მომხრე, სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს იმ მოსწავლეების კვება, რომელთაც ამის საჭიროება სოციალური კუთხით არ უდგათ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის პროექტი ფრაქცია „ენმ – ძალა ერთობაშიას” წევრებს წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
დეპუტატი ანა წითლიძე დაინტერესდა, რას ფიქრობს მინისტრის მოადგილე განათლების სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდაზე სკოლებში უფასო კვების დანერგვის მიზნით.
„უფასო კვებასთან დაკავშირებით, პირადად მეც ვიყავი ჩართული მსჯელობაში და ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ჩვენ უნდა გავყოთ ორ ნაწილად.
სკოლებში კვება ძალიან მნიშვნელოვანია, უშუალოდ განათლებისთვის. იმისთვის, რომ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს სათანადო განათლება. ბევრი საერთაშორისო პრაქტიკა იმაზე მეტყველებს, რომ კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ მიმართულებით, თუმცა სკოლაში განათლება და სოციალური ხარჯი უნდა განვასხვავოთ.
ჩვენ იმისთვის, რომ ბავშვებში სიღარიბე დაიძლიოს, უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული მეტი რესურსის მიმართვა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისკენ, იმ კატეგორიის ბავშვების დახმარებისკენ, რომლებიც ამას უფრო მეტად საჭიროებენ.
არ ვიქნები მომხრე, რომ სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს, მათ შორის ჩემი, ან ნებისმიერი ადამიანის შვილის სრული კვება, რომელსაც ამის საჭიროება სოციალური კუთხით არ უდგას. შესაბამისად, მეტი რესურსი სოციალურად დაუცველი ბავშვებისკენ უნდა მივმართოთ, როგორც შარშან, ასევე წელსაც ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და მომდევნო წლებშიც ასე იქნება“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ, გარდა სოციალური ნაწილისა, მნიშვნელოვანია სკოლების ინფრასტრუქტურაც. მისი თქმით, სკოლებს ბავშვთა კვებისთვის საჭირო უსაფრთხო გარემო არ აქვთ.
„რაც შეეხება სკოლებში უშუალოდ კვების დაწყება, ეს მხოლოდ კვების ღირებულების გადახდა არ არის, ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური ნაწილია.
როდესაც სკოლების რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, თუ იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ მოეწყო, რომელიც დღეს უბრალოდ არ არსებობს, სადაც საკვები მომზადდება და სადაც იქნება შესაძლებლობა, რომ ბავშვმა უსაფრთხო გარემოში მიიღოს კვება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა დაფიქსირდეს არცერთი შემთხვევა, სადაც ბავშვს შეიძლება ინფექცია ან ვირუსი შეხვდება კვების დროს. შესაბამისად, ამას ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება და შემდგომ ამაზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ“, – აღნიშნა მან.
ბავშთა კვების შესახებ საკითხი წინ მოძრაობა „ხმამ“ წამოწია. სკოლებში ბავშვთა უფასო კვების მოთხოვნით კამპანია 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო.
„ხმის“ წარმომადგენელი ინა ჩარკვიანი განმარტავს, რატომ უნდა იკვებებოდეს სკოლაში ყველა მოსწავლე, განურჩევლად მისი სოციალური სტატუსისა, უფასოდ.
„მიზნობრივი პროგრამა ვერასდროს მისწვდება ყველა იმ ბავშვს, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდება სკოლაში უფასო ჭამა. გაეროს კვლევით, საქართველოში ღარიბი ოჯახების 1/3 არ ითხოვს სოციალურად დაუცველის სტატუსს, რადგან ერთხელ უკვე მიმართა და უარი უთხრეს, ან იმედი არ აქვს, რომ დახმარებას მიიღებს. ზოგმა არ იცის, განაცხადი როგორ შეიტანოს. ჯამში სოციალურად დაუცველი სტატუსი არ აქვს იმ ოჯახების 45%-ს, ვისაც ეს ეკუთვნის. ამ ოჯახების ბავშვებს მიზნობრივი პროგრამა ვერ მისწვდება. შედეგად, 100 ერთნაირი ღარიბი ბავშვიდან სკოლაში უფასოდ ვერ შეჭამს 45.
არ იმუშავებს არც ისეთი მოდელი, თუ უფასო სასკოლო კვების მიღების წინაპირობად ოჯახის შემოსავალს განვსაზღვრავთ და არა სოციალურად დაუცველის სტატუსს. საქართველოს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი არაფორმალური ეკონომიკა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ აქვს ზუსტი და აკურატული ინფორმაცია ოჯახის შემოსავლის შესახებ.
გავრცელებული ცრურწმენის საპირისპიროდ, საყოველთაო, უნივერსალურ პროგრამებს უფრო ნაკლები დანახარჯი აქვს, ვიდრე მიზნობრივს. ამის მიზეზი ისაა, რომ მიზნობრივი პროგრამები გაცილებით მეტ ადმინისტრაციულ ხარჯს მოითხოვს. დახმარება თუ მიზნობრივია, უნდა შეფასდეს თითოეული ოჯახი კრიტერიუმების მიხედვით. ამისთვის უნდა დავიქირავოთ ადამიანები, რომელთა დასკვნებს განიხილავენ სხვა ადამიანები და დაამტკიცებენ ან არა. რაც შეიძლება გასაჩივრდეს და პროცესი გაგრძელდეს.
მხოლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვების გამოკვება სკოლაში კიდევ უფრო მეტ უთანასწორობას შეიტანს და არსებულ უთანასწორობას უფრო ხილულს გახდის. სკოლაში ყველას ეცოდინება, ვინ ჭამს სახელმწიფოს ხარჯზე, ვინ მშიერია და ვის ჩაურიცხეს ფული. გულუბრყვილობაა, იფიქრო, რომ ბავშვებისთვის ამის დამალვას შეძლებთ“, – ამბობს ის.
„ხმის” მიერ ჩატარებული კვლევა წაიკითხეთ ვრცლად: