ვიღებთ ვალდებულებას, არ ვითანამშრომლოთ „ოცნებასთან“ და მხარს არ დავუჭერთ სააკაშვილს - კაპანაძე

პუბლიკა

ჩვენ ვიღებთ პოლიტიკურ ვალდებულებას, რომ არ ვითანამშრომლებთ ქართულ ოცნებასთან და არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკშვილს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ დღეიდან მოსახლეობაში იწყებს ვალდებულებათა ბარათის დარიგებას, რომელიც მოიცავს იმ კონკრეტულ რეფორმებს, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს ევროპული საქართველო.

კაპანაძის თქმით, ამ ბარათთან ერთად, „ევროპული საქართველო“ იღებს ორ პოლიტიკურ ვალდებულებასაც, რომ არ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ და კაპანაძე სხვა ძალებსაც მოუწოდებს აიღონ ეს ვალდებულება. კაპანაძის თქმით, მეორე ვალდებულება არის ის, რომ ევროპული საქართთველო არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„ჩვენი კამპანია მდგომარეობს იმაში, რომ მოხალისეებთან, აქტივისტებთან, ისევე როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ვალდებულებათა ბარათი რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ. გარდა ამისა, ორ სხვა ვალდებულებასაც ვიღებთ, ეს არის უკვე პოლიტიკური ვალდებულება. პირველი ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთან“ და მას არ შევუქმნით მთავრობას.

მოვუწოდებთ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, რომ იგივე ტიპის ვალდებულება აიღონ. ასევე, შემიძლია აქვე დავამატო, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე  მიხეილ სააკაშვილს . ეს არის დამატებითი პოლიტიკური ვალდებულება. ყველაზე მთავარი არის ცვლილებების გეგმაში არსებული ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის“, – განაცხადა კაპანაძემ.