„არ ყოფილა კომპრომისულ ვარიანტზე საუბარი" | შეხვედრა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან

პუბლიკა

გუშინ, 26 იანვარს ცაგერში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოსახლეობასა და სამინისტროების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შესახებ „პუბლიკას“ ვარლამ გოლეთიანი, ადგილობრივი აქტივისტი უყვება.

მისი თქმით, შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც ის ჰყვება, მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულები იყვნენ ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გუბერნატორი, ასევე მათ ჰყავდათ ჩაყვანილი სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტები. შეხვედრას ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელიც.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამგვარი ფორმატი მიუღებელია და ამიტომ უარს ამბობდნენ შეხვედრაზე. მათი თქმით, შეხვედრასა და დისკუსიას აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე კომპეტენტური ექსპერტები. როგორც ის ამბობს, ბოლოს შეხვედრას დასთანხმდნენ იმის გამო, რომ თავიანთი პოზიცია სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ.

„ეს შეხვედრა ჩვენი მოთხოვნილი არ იყო. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ სპეციალისტების თანდასწრებით უნდა მოხდეს ამ თემების განხილვა და არა იმათი მხრიდან სპეციალისტების და ჩვენი მხრიდან მხოლოდ მოსახლეობის. ეს არასწორი ფორმატია, ვინაიდან იქიდან პროფესიული, სპეციფიკური კუთხით როცა გელაპარაკებიან, მაგალითად გეოლოგი, აქეთა მხრიდანაც ვიღაც უნდა იყოს საპირწონე პასუხის გამცემი…

ფორსმაჟორში მოხდა ეს შეხვედრა, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, მიტროპოლიტ სტეფანეს რეზიდენციაში. შეხვედრის სურვილი იყო მათი მხრიდან. ჩვენ უარს ვამბობდით ამ ტიპის შეხვედრაზე, რადგან ჩვენ გვინდა სპეციალისტების ჩართულობა ყოფილიყო და საზოგადოებას საჯაროდ ენახა ეს დისკუსია. ესაა ჩვენი მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრაზე არც გვინდოდა მისვლა, ვინაიდან აზრს ვერ ვხედავთ რა უნდა ვეკამათო მე გეოლოგს და ჰიდროლოგს?! ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ამიტომ არ ვაპირებდით მისვლას, მაგრამ ჩვენ გვთხოვა შემდეგ ეკლესიამ, რომ მივსულიყავით და ჩვენი პოზიცია თუნდაც იმ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოგვეხატა. თუნდაც ის, რომ აუცილებელია, სპეციალისტების მონაწილეობით გაიმართოს ეს შეხვედრა. ეს განვაცხადეთ მხოლოდ. ტექნიკურ და კონკრეტულ დეტალებში არ შევსულვართ, ვინაიდან აზრი არ ჰქონდა“, ამბობს გოლეთიანი.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, რა საკითხებზე ესაუბრნენ შეხვედრისას, გოლეთიანი ამბობს, რომ აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და სურვილის შემთხვევაში საინფორმაციო შეხვედრების გამართვის წინადადება მიიღეს. გოლეთიანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს წინადადება მათთვის მიუღებელია, სხვა კომპრომისული ვარიანტი კი შეხვედრისას არ შეუთავაზებიათ.

მისივე თქმით, მშენებლობის შეჩერება და ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები არის ის, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს.

„იმათ ბოლოს გვითხრეს, რომ უნდა შევწყვიტოთ აქციები და რომ გაგრძელდეს ჰესის მშენებლობის პროცესი. ჩვენ ვუთხარით, რომ, რა მიზანი ექნება ამ შეხვედრებს, თუკი ჰესის მშენებლობა გაგრძელდება და მაშინ რატომ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ შეხვედრებზე უნდა გამოიკვეთოს, შეიძლება თუ არა მშენებლობის გაგრძელება ხეობაში.

მოთხოვნები ჰქონდათ პირდაპირ ულტიმატუმის ენით, რომ ჩვენ ასე უნდა ვქნათ. არ ყოფილა არანაირ კომპრომისულ ვარიანტზე საუბარი. რომ, ვთქვათ, გაიმართება ამაზე სერიოზული დისკუსიები. ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ თუ მოსახლეობას რაღაც კითხვები გვაწუხებს რისკებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით, ეს წუხილი რომ გაგვიქარწყლდეს, ამისთვის მოეწყობა შეხვედრები, თუკი ეს ჩვენ გვინდა. ჩვენ კი სხვაგვარად ვაყენებთ საკითხს, რომ პრობლემურია, ზოგადად, ამ ჰესის მშენებლობა და აბსოლუტურად განულებას ვითხოვთ ამ პროექტისას, ვინაიდან უკანონოა თავიდან ბოლომდე. შემდეგ კი ამის განხილვა უნდა მოხდეს სხვა დონეზე. ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე ეს საკითხები ასე ვერ განიხილება.  ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა შევხედოთ ჯანსაღ დისკუსიას და ამის შემდგომ უნდა გადაწყდეს აშენება, არაშენების საკითხი“, – ამბობს გოლეთიანი.

როგორც ადგილობრივი აქტივისტი გვეუბნება, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მათი ყოველდღიური პროტესტი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, 7 თებერვალს კი ჟონეთში კიდევ ერთ დიდ აქციას გეგმავენ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს, შეხვედრის შინაარსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ამ საკითხზე უწყებების კომენტარის შემთხვევაში, მასალა განახლდება.

ნამახვანჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნამახვანის ჰესების პროექტი  433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ მაღალკაშხლიან რეზერვუარს. მისი განხორციელება გამოიწვევს 610 ჰა ტერიტორიის დატბორვას და, გარემოსთვის შექმნილ სხვა საფრთხეებთან ერთად,  გაქრობით ემუქრება ყურძნის უნიკალური ჯიშის – ტვიშის მიკროზონას.