არა მგონია, კითხვის დასმის საფუძველი არსებობდეს - თურნავა საპატრიარქოს დაფინანსებაზე

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ბრიფინგზე საპატრიარქოს დაფინანსებისა და ქონების გადაცემის შესახებ ჰკითხეს, რაზეც TDI-ის ბოლო ანგარიშში იყო საუბარი.

ჟურნალისტის კითხვაზე – ხომ არ არის სახელმწიფო გულუხვი საპატრიარქოსთან მიმართებაში და არის თუ არა სახელმწიფო საქმის კურსში, რაში იხარჯება თანხები? – თურნავამ უპასუხა, რომ ამ თემაზე კითხვის დასმის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენი საპატრიარქო, ჩვენი ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვახორციელებთ ყველა ტრანზაქციას და დახმარებას და ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ასევე სხვა კონფესიებსაც ვეხმარებით. აქედან გამომდინარე, არ მგონია კითხვის დასმის საფუძველი არსებობდეს”, – თქვა თურნავამ.


2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. საქართველოს თვითმმართველი თემები და ქალაქები ასევე გადასცემენ საქართველოს საპატრიარქოს მატერიალურ სიკეთეს (ყოველწლიურად, დაახლოებით ოთხიდან ხუთ მილიონამდე ლარს), – ამის შესახებ საუბარია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ანგარიშში – „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში”.

► საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI-ისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ-მდე ფართობს მოიცავს.