ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტატორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ დღეს ბრიფინგი გამართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ასევე, განცხადება გაავრცელა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან კრიზისის განმუხტვის „ერთადერთი სწორი გზის“, ვადამდელი არჩევნების შესახებ მოლაპარაკებისთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაპირობა არ არსებობს. სარჯველაძის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.
„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი არ მაქვს. საკმაოდ კარგად ვიცნობ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს და არ მგონია, ამ თვალსაზრისით, რიგგარეშე არჩევნების რაიმე წინაპირობა არსებობდეს. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ მოლოდინებს, არც ამ შემთხვევაში მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, რომ ვადამდელი არჩევნების საჭიროება დადგეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.