სრულიად ოპოზიციური სპექტრი მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ბრიფინგით გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ფონია, რომლის განსამუხტად სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. მისი განცხადებით, მთელი ოპოზიციური სპექტრი მზადაა, დასხდეს მმართველ გუნდთან მოლაპარაკებაზე და მიაღწიონ შეთანხმებას.

„ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი – დაპირისპირება ან შეთანხმება. სრულიად ოპოზიციური სპექტრი მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო, აშშ, ევროკავშირი, ყველა მხარდამჭერი ქვეყანა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისგან, დაუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება.

ჩვენმა  მეგობარმა ელჩებმა, ფასილიტატორებმა, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი.

მოლაპარაკებები უნდა შეეხებოდეს 4-ივე საკითხს, რომელიც იყო წაყენებული ოპოზიციის მხრიდან. რაღა თქმა უნდა, სამართლებრივად უნდა გადაწყდეს ნიკა მელიას საკითხი. იმედი მაქვს, ამ თემაზე „ქართული ოცნება“ აღარც კი ფიქრობს, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარეობას. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს რურუა და დამთავრდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება; აუცილებელია დაიწყოს საარჩევნო რეფორმა, შეიცვალოს სისტემა და შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნების საკითხზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.