არაა გამორიცხული, ლუკაშენკოს ვიზიტით ანექსიის გარკვეულ წინაპირობებს ჰქონდეს ადგილი - სიმონიშვილი

პუბლიკა

„ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯ, ეს არ არის უბრალოდ იქ ჩასვლა, ამას თავისი სიგნალი აქვს, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. ჩვენი ხელისუფლება, რას აკეთებს იმ ფონზე, როდესაც მას უბრალოდ თავი მიწაში აქვს ჩარგული და ამ პრობლემებს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ფაქტობრივად არ აღიარებს, მალავს ამ პრობლემებს იმ ფონზე, რომ თითქოს ომის თავიდან არიდება სურს“,- ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ის არ აღიარებდა და ღიად აცხადებდა, რომ არ აპირებდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, შესაბამისად ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია ამ ყველაფერს ადგილი ჰქონდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინაში რუსეთი ანექსიას აპირებს და ამისი წინარე ნაბიჯებიც იყო საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა გარკვეულწილად შეჩერდა და არ არის გამორიცხული, რომ ანექსიის გარკვეულ წინაპირობებს ჰქონდეს ადგილი. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რას აკეთებს, უბრალოდ, გაოგნებული ვარ და ჩემთვის წარმოუდგენელია ეს რეაქციები“,- თქვა მან.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოში ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოთხოვა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.