არაა გამორიცხული, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმი ამჟამად „საკმაოდ ლიბერალურია“ და რუსეთის მოქალაქეთა შემოდინების ფონზე შესაძლოა, მისი გადახედვა იყოს საჭირო. თუმცა ზურაბიშვილის თქმით, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია და მნიშვნელოვანია მათ ამ საკითხზე საზოგადოება მეტად ჰყავდეთ ინფორმირებული.

„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა ნამდვილად არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან დღევანდელ დღეს იმ პირობების გამო, რაც რუსეთშია და ბრუნდებიან საქართველოში. მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში.

აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული იმისთვის, რომ არ გაჩნდეს საფრთხე. და ამისთვის მგონია, მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და ყველა ზომაა მიღებული.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ მოგვიწიოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად და მისი ინფორმირებით, ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა მოლდოვაში პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილის კომენტარს გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელსაც პრეზიდენტის კომენტარის შეფასება დღეს გამართულ ბრიფინგზე სთხოვეს. ხუციშვილის თქმით, დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც საქართველოს აქვს და ამიტომ, მისი აზრით, ამ ეტაპზე, სავიზო რეჟიმის გადახედვა საჭირო არ არის.

„თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის საჭირო ქვეყანაში უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ დღეს ამისი საჭიროება არ არის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი მოლდოვაში დღეს დაიწყო. ის ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა, დღესვე გამართავს შეხვედრას მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

LB loan image desktop LB loan image mobile