„სოლიდარობის პლატფორმაში გაერთიანებული არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი აქტივისტები სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის ხეობის მცველებს და ვუერთდებით მათ გულწრფელ პროტესტს”, – სოლიდარობის პლატფორმა ნამახვანში და რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. გთავაზობთ განცხადებას:
„საქართველოს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდა აქტივისტები თითქმის ყველა რეგიონიდან რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიან პროტესტს აქტიურად ვაკვირდებით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ზოგიერი თანამდებობის პირის მხრიდან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს რიონის ხეობის მცველები და ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ ორგანიზებული პროტესტი გამოირჩევა ქსენოფობიური და ანტიისლამური სულისკვეთებით, რამაც ერთიორად გაზარდა ჩვენი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ 10 აპრილს სოლიდარობის პლატფორმაში გაერთიანებულმა აქტივისტებმა გადავწყვიტეთ შევხვედროდით ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის ლიდერებს. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ პროტესტი ლიდერებთან გამართული შეხვედრის და მეგობრული საუბრის შედეგად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ აღნიშნული პროტესტი და მათი ლიდერები გამოირჩევიან ბუნებისა და ადამიანის განსაკუთრებული სიყვარულით. ჩვენთან შეხვედრის დროს რიონის ხეობის მცველებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი პროტესტი არ არის მიმართული არც ერთი ეთნიკური, თუ რელიგიური ჯგუფის, ან კომპანიის წინააღმდეგ და მათი ამოსავალი წერტილი საკუთარი სახლ-კარის, ბუნების და ღირსების დაცვაა. მეტიც, ეს პროტესტი, უფრო ფართედ, ემსახურება ჩაგრული, ხმაწართმეული ხალხისთვის ხმის და წართმეული უფლებების დაბრუნებას.
აქვე გვინდა დავამატოთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების პრობლემურობაზე საუბრობენ ამ პროცესში ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც, რომელთან შეფასებით აღნიშნული ხელშეკრულება არამხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არის ხელმოწერილი, არამედ ქვეყნის ე.წ. „ენერგო დამოუკიდებლობის“ ხარისხზეც ვერ ახდენს არსებით ზეგავლენას. უფრო მეტიც, კომპანია „ენკას“ მიერ ამ პირობებში ჰესის მშენებლობა აზიანებს არა მხოლოდ რიონის ხეობაში და ნამახვანში მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებს.
ჩვენ ვაკვირდებით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კერძო ინტერესების დასაცავად ხეობაში სოფელ გუმათთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციური ძალები, რომელიც აკონტროლებს და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის და მათი მხარდამჭერების ხეობაში გადაადგილებას და აკავებს პროტესტის მონაწილეებს. 11 აპრილს მათ დაშალეს პროტესტის მონაწილეების კარვები და გადათხარეს ის მიწა, სადაც გაშლილი იყო კარვები.
სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია, პოლიტიკური ელიტა და პოლიცია დღეს მსგავსი მეთოდებით რიონის ხეობის მცველების გულწრფელი პროტესტის უგულებელყოფას ცდილობენ. უფრო მეტიც, ჩვენი დაკვირვებით, ნამახვანის ჰესის მშენებლობის საკითხზე საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ვხედავთ რიონის ხეობის მცველების ქსენოფობებად და შოვინისტებად მონიშვნის მცდელობებს, რათა მოხდეს არსებითად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური კითხვების გადაფარვა და გულწრფელი პროტესტის დემონიზება. ცხადია, ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა აქციების დროს ადგილზე ორგანიზებული რადიკალური კონსერვატიული ჯგუფები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ცდილობდნენ სიძულვილის ენის გამოყენებას, მაგრამ ეს შეფასება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გავრცელდეს რიონის მცველების მოძრაობის ლიდერებზე და სახალხო პროტესტის მთავარ შინაარსზე. მაშინ როდესაც, რიონის ხეობის დაცვის მოძრაობის ლიდერების ენა ჩვენთვის, არადომინანტური ეთიკური და რელიგიური ჯგუფებისთვის, არ აღიქმება ქსენოფობიურ და ანტიისლამურ ენად, სახელმწიფოს მიერ, რომელიც წლების განმავლობაში თავად იყნებებს შოვინისტურ და ეთნოცენტრისტულ პოლიტიკას ჩვენს მიმართ, ამ არგუმენტების მოხმობა ცინიკური და არასერიოზულია.
ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისთვის, სახელმწიფოს და პოლიტიკური ელიტის ამ ფორმებით მუშაობა არ ახალია. თუმცა, ჩვენთვის განსაკუთრებით გაუგებარია სახელმწიფოს მიერ მსგავსი მეთოდების გამოყენება საერთო სახალხო პროტესტის მიმართ, მაშინ როცა შეკრების მონაწილეები ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ხელყოფის რისკებზე საუბრობენ. ეს გვაფიქრებინებს, რომ ძალაუფლების სათავეში მყოფი ადამიანთა მცირე ჯგუფის ამოსავალი წერტილი მათი ძალაუფლების, ეკონომიკური სარგებელის და პრივილეგიების შენარჩუნებაა.
სოლიდარობის პლატფორმაში გაერთიანებული არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი აქტივისტები სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის ხეობის მცველებს და ვუერთდებით მათ გულწრფელ პროტესტს. იმედი გვაქვს, ძალაუფლების სათავეში მყოფ პირებს შორის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ კაპიტალის ჰეგემონიის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას და დაუბრუნდებიან ბუნებაზე და ადამიანზე ზრუნვის პრაქტიკებს, რომელიც იმთავითვე არის სახელმწიფოს არსებითი ფუნქცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის აქტივისტებს: ქართველ მუსლიმებს, საქართველოს აზერბაიჯანელებს, საქართველოს სომხებს, ქისტებს, ოსებს, დომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის აქტივისტებს თბილისიდან და ის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის დიალოგს, სოლიდარობის მშენებლობას და საკუთარი საჭიროებების, წუხილების და პერსპექტივების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურ დაყენებას ისახავს მიზნად.