ელჩების განცხადებები ნამახვანჰესზე და პასუხი მათ

პუბლიკა

„ჩემთვის მოულოდნელობა იყო პროტესტის დაწყების ნახვა, თითქმის ერთი წლის შემდეგ ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან, და მეორე, რამაც გამაკვირვა – თურქოფობიური, ანტითურქული ტონი და რაღაც შემთხვევაში შემოპარული ისლამოფობიური პროპაგანდა. ეს ძალიან შემაშფოთებელია, გულახდილად რომ გითხრათ“, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 28 მარტს განაცხადა [მასალაში გამოყენებულია ტელეკომპანია „ფორმულას“ სინქრონული თარგმანი].

ელჩმა გადაცემაში ასევე ახსენა სოფელ ნამოხვანში, ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ჯვრის აღმართვის საკითხი და აღნიშნა, როდესაც ადამიანებს შემოაქვთ რელიგიური სიმბოლო, ეს ძალიან სენსიტიურია.

„მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას. ქართული მართლმადიდებლური რწმენა გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ, როცა ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვი მიჩნდება. ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობ…

როდესაც ვსაუბრობ რელიგიურ ნარატივზე, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, მაგალითად, ეს რომ ყოფილიყო ისრაელის კომპანია, იტალიური კომპანია, ამერიკული კომპანია, ვინმე ჯვარს აღმართავდა?

არ ვიცი, ამიტომაც მინდა, ვკითხო ადამიანებს, რატომ შემოგაქვთ რელიგიური სიმბოლო, ეს ძალიან სენსიტიურია. ისრაელის კომპანია რომ მუშაობდეს ამ ადგილას და აღემართათ ჯვარი, ანტისემიტურ ნარატივსა და შეშფოთებას შემოიტანდნენ, მაგრამ არსებობს სხვა შეშფოთება, მოდი, ამაზე ვილაპარაკოთ. მაგრამ მე არ მსურს ეს პრეცედენტს ქმნიდეს თურქი ინვესტორებისთვის, იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყოს ამის უკან, სურს, შეწყვიტოს ორი რამ – ეს არის საქართველოში თურქი ინვესტორების კომფორტული ყოფნა და მეორე, ენერგოუსაფრთხოების საკითხები“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, როდესაც აკვირდება ახალ ამბებს, რომლებსაც კითხულობს და ასევე იგებს კომპანიისგან, ისმენს სოციალურ მედიაში, ხედავს, რომ არსებობს მანიპულაცია ფაქტებით და მოუწოდებს კომპანიას, ისაუბროს ამასთან დაკავშირებით.

„მთავრობა და კომპანია საკმაოდ კარგად მუშაობენ, რათა ამ მანიპულაციის [წინააღმდეგ] მიმართონ საჯარო საზოგადოებრივი აზრი. თუმცა თუ არსებობს რეალურად შეშფოთების საგანი გარემოს დაცვასთან, სეისმოლოგიასთან, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნული უნდა მოგვარდეს სამეცნიერო გზებით და დარწმუნებული ვარ, კომპანია ამას აკეთებს და გააკეთებს, მაგრამ ჩემი სამუშაო, როგორც თურქეთის ელჩის, არის დაცვა თურქი ინვესტორის, რომ დარწმუნდეთ იმაში, რომ არ არსებობს რაღაც დამაზიანებელი გეგმები. მე ვფიქრობ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან.

თურქეთის ელჩის მსგავსად ნამახვანჰესის საკითხზე ისაუბრა ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ჰელენა სანდ ანდრესენმა. კომპანია „ენკას“ ორგანიზებით გამართულ ფორუმზე მან აღნიშნა, რომ ნამახვანჰესი არის სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის, რომელიც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება ენერგოუსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის.

მოგეხსენებათ, რომ ამჟამად ინვესტორ კომპანია – „ენკა რინიუებლზის“ 10%-ს ნორვეგიული კომპანია „Clean Energy Group AS-ს“ ფლობს, ხოლო 90%-ს თურქული სააქციო საზოგადოება Enka Insaat ve Sanayi A.S.

ნორვეგიის ელჩმა აღნიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აუცილებელია. მისივე თქმით, მიუღებელია დეზინფორმაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხდება ეთნოფობიისა და ქსენოფობიის ნიადაგზე.

„ვფიქრობ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ როგორ მუშაობს ENKA ზუსტადაც ამ მიმართულებით – რათა გაასაჯაროვოს დოკუმენტაცია, იყვნენ ღია და შევიდნენ ღია დისკუსიაში ნებისმიერთან, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს და მოსაზრებები აქვს ამ პროექტთან დაკავშირებით. ადგილობრივ მოსახლეობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აუცილებელია და ეს არა მხოლოდ პროცესში ჩართული კომპანიების, არამედ, უფრო მეტადაც კი, საქართველოს პასუხისმგებლობაა, რომელმაც ნამახვანჰესის აშენების გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც მოამზადა ტენდერი და გადაწყვიტა, რომ ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი შენაძენი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის.

მჯერა, რომ მნიშვნელოვანია პროექტის კრიტიკოსები ობიექტური დარჩნენ და წარმოადგინონ ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც მათთვისაა ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ ჭორები, გაუგებრობები, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, რომლებიც მხოლოდ გაართულებს პრობლემების მოგვარებას და, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია წინასწარგანსაზღვრული დეზინფორმაცია და ჩვენ ამის ბევრი მაგალითი ვნახეთ.

განსაკუთრებით ეს ეხება იმ დეზინფორმაციას, რომლის მიზანიცაა საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნა ეთნოფობიისა და ქსენოფობიის ნიადაგზე. ბოლოს ხაზს გავუსვამ, რომ სიფრთხილე გვმართებს, როდესაც ამ საკითხის ვაპოლიტიზებთ. როგორც უკვე ვთქვი გამოსვლის დასაწყისში, ეს პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის და მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ და ყველა მხარემ სრულად ობიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ელჩმა.

„ჩვენ პრეტენზია გვქონდა ჩვენსავე სახელმწიფოსთან, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიდიოდა“ – პასუხი ელჩებს

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრი, ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი facebook-ჩართვისას თურქეთის ელჩის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გაკვირვებულია ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით თურქეთის ელჩის მიერ გაკეთებული შეფასებით. მისი თქმით, მოძრაობის წევრები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ემიჯნებიან ქსენობოფიურ განცხადებებს, ასევე „ლანძღვა-გინებას მეზობლების მისამართით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს“.

„მინდა, გამოვეხმაურო ელჩის განცხადებას. მინდა, რომ მოზომილი და რბილი ვიყო შეფასებებში, მაგრამ იყო შეურაცხმყოფელი ჩვენი მისამართით. ებრაული, იტალიური ან ამერიკული კომპანია რომ ყოფილიყო, ჯვარს ხომ არ აღმართავდნენო – ასეთი შეფასება გააკეთა ქალბატონმა იაზგანმა.

სიმართლე გითხრათ, გაგვაკვირვა ამ შეფასებამ. იმიტომ, რომ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნებოდა, – ებრაელი, ამერიკელი, რუსი თუ თურქი, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ პრეტენზია გვქონდა ჩვენივე სახელმწიფოსთან, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიდიოდა მოცემულ საკითხში, და ამ ფორმით დავიცავით ჩვენ თავი ჩვენივე ხელისუფლებისგან, ჩვენივე მთავრობისგან.

არაფერ შუაში არ არის აქ რომელიმე უცხოური ან თუნდაც ქართული კომპანია, რომელიც, მაგალითად, შეიძლებოდა ყოფილიყო „ენკას“ მაგივრად ხეობაში. მუდმივად ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ სამწუხარო ფაქტია ის, რომ ოფიციალური პირი, დიპლომატი, რომელიც წარმოადგენს მეგობარ სახელმწიფოს, გვესაუბრება ასეთი ენით და გულით უნდა, რომ ქსენოფობებად წარმოგვაჩინოს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა მიზანიც ეს არ არის“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის შეფასებებს ზურგს არაფერი უმაგრებს და მისი მიზანი, მხოლოდ მცდელობაა მოძრაობის მარგინალიზების. ის ასევე გამოეხმაურა კომპანიაში ქართველი წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ნაბიჯია ქსენოფობიური.

12 მარტს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, „მნიშვნელოვანი რამ არის მიღწეული კომპანიასთან, ჩვენი მოთხოვნით – დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ადგილზე გაუძღვება სამშენებლო სამუშაოებს“.

„სწორედ ეს არის ქსენოფობიური ნაბიჯი მათი მხრიდან, იმიტომ რომ, ჩვენ არ მოგვითხოვია ქართველი დანიშნეთ და თურქი გაუშვითო. ამაზე არცერთ ეტაპზე საუბარი არ ყოფილა ჩვენი მხრიდან… ქსენოფობიური ნაბიჯია სწორედ ის, რომ სახელმწიფომ გაუშვა, თუ გაწია გვერდზე ეროვნებით თურქი დირექტორი და მოიყვანა ქართველი, რომ აი, თითქოს ჩვენ არ გვექნება ქართველთან არანაირი პრობლემა. ისმის კითხვა – ვინ არის ქსენოფობი აი ამ საქციელში, ვინ ჩანს ქსენოფობად ამ ყველაფერში, ხომ? ამიტომ ყველა კარგად დააკვირდეს თავის ქმედებას, აქედანაც კარგად ჩანს, ვის რა სულისკვეთება ამოძრავებს მთელ ამ პროცესში“, – განაცხადა გოლეთიანმა.

როგორც facebook-ჩართვისას გოლეთიანი აღნიშნავს, მათ მიაჩნიათ, რომ ხელშეკრულება რომელიც დადებულია სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, დამაზიანებელია ქვეყნის ინტერესებისთვის და მათი პროტესტი სწორედ ამით არის განპირობებული.

„ყველა ის ადამიანი, ვინც იმ აქციებზე დგას და ვინც ყოველღამე ათევს ღამეს ნამოხვანში, ყველა არის პასუხისმგებელი ამ პროცესზე, რაც აქ ხდება და შევეწირებით თითოეული ჩვენგანი ამ ყველაფერს. არ დავთმობთ ჩვენს ინტერესს არავის სასარგებლოდ, ვინც არ უნდა იყოს, ვიღაცების ვიწრო ინტერესისთვის. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართველი ჩინოვნიკი, ეს იქნება ქართველი ბიზნესმენი, კერძო პირი, თუ ეს იქნება უცხოელი. ამას სპეციალურად ხაზგასმით ვამბობთ, რომ იქნებ დაამთავრონ მუდმივი აპელირება იმაზე, რომ აი, რადგან თურქია, ამიტომ ვდგამთ ჯვარს, საერთოდ ამიტომ ვაპროტესტებთ ამ მშენებლობას და ასე შემდეგ. სამარცხვინოა ასეთი გამოხმაურებები და არ ვიცი პრინციპში, მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, რომ რაღაც განცხადება გააკეთოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და არ შეიძლება, რომ ყველა ინსტიტუცია ჩვენ, ამ პროტესტში ჩართულ ადამიანებს ასე გვებრძოდეს ღიად და გვაბრალებდეს, რასაც უნდა იმას“, – განაცხადა გოლეთიანმა.