პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს მორიგი ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს, რომ ევროკავშირში კანონის უზენაესობა არა „არჩევითი, არამედ აუცილებელია”.
მას მოჰყავს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მაგალითები და აცხადებს, რომ „არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ იმაზე მეტად, ვიდრე მოძალადე კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ”.
„სააკაშვილის და, ახლა უკვე, ადეიშვილის მიმღებლობა დასავლეთის მიერ სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გამოიყურება. ეს მიმღებლობა ძირს უთხრის ღირებულებებს, რომლებზეც საქართველოს ევროპული მისწრაფებები დგას. მეტიც, არაფერი აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე მოძალადე კრიმინალების შეფარება უკრაინისა და ევროპული დემოკრატიების მიერ.
რაც უფრო მალე მორჩება ეს ფარისევლობა, მით უკეთესი. ქართველი ხალხი მოელის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთგულნი იქნებიან ჩვენი საერთო ღირებულების კანონის უზენაესობის მიმართ, უარს იტყვიან რუხ ზონებზე და საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. კანონის უზენაესობა ევროკავშირში არჩევითი კი არა, აუცილებელია”, – წერს პაპუაშვილი.
პარალელურად, პაპუაშვილი საუბრობს უკრაინის მთავრობასთან „ქართველი კრიმინალების შეფარების გამო” უთანხმოებაზე და აცხადებს, რომ გაუგებარია, რა საჭიროა საქართველოსთვის მათ გადმოცემაზე უარის თქმა.
მისი თქმით, უკრაინას „ომის სახით” რაღაც მიზეზი მაინც აქვს, რომელიც შეუძლია „ქართველი კრიმინალების საკითხში ჩაუღრმავებლობის საბაბად მოიტანოს”, მაგრამ გერმანიისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს არანაირი საბაბი არ გააჩნიათ, რომ მათ მიმართ კეთილი ნება გამოავლინონ.
ის აცხადებს, რომ მაშინ, როცა ევროკომისიის 9 დათქმის მთავარი აქცენტი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა, ადეიშვილის მიღება ევროპის მაღალ დიპლომატიურ დონეზე თავად არის „დეზინფორმაცია იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადეიშვილი”.
„როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია”, – წერია პაპუაშვილის წერილში.
გუშინ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.
როგორც უწყება აცხადებს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
28 თებერვალს გერმანიის ბუნდესტაგის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, სხდომას უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. 6 მარტს კი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უკრაინის გენერალური პროკურორის გერტ იან კოპმანთან შეხვედრას უკრაინის დელეგაციაში მყოფი ადეიშვილიც ესწრებოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩისგან ადეიშვილის დასწრების შესახებ განმარტება მოითხოვა. უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ კი განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე გერმანიის ელჩი უნდა დაიბაროს.
8 მარტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ კრიტიკას, რომელიც უკრაინულ დელეგაციასთან ევროკავშირის წარმომადგენლის შეხვედრას შეეხებოდა. ევროკავშირის წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ „ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში). ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას“.
11 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და კონფერენციებში მონაწილეობდა.