ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით გერმანიასა და ბელგიას მივმართეთ - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.

როგორც უწყება აცხადებს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა“, – აცხადებს პროკურატურა.


28 თებერვალს გერმანიის ბუნდესტაგის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, სხდომას უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. 6 მარტს კი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უკრაინის გენერალური პროკურორის გერტ იან კოპმანთან შეხვედრას უკრაინის დელეგაციაში მყოფი ადეიშვილიც ესწრებოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩისგან ადეიშვილის დასწრების შესახებ განმარტება მოითხოვა. უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ კი განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე გერმანიის ელჩი უნდა დაიბაროს.

8 მარტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ კრიტიკას, რომელიც უკრაინულ დელეგაციასთან ევროკავშირის წარმომადგენლის შეხვედრას შეეხებოდა. ევროკავშირის წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ „ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში). ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას“.

11 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და კონფერენციებში მონაწილეობდა.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული.