არაფერი დაიმალება – გახარია დეპუტატთან დაკავშირებული კომპანიების მიერ ტენდერების მოგებაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღეს ჟურნალისტებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ჰკითხეს. კვლევის მიხედვით, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა  შესყიდვებიდან 6 მლნ ლარზე მეტი მიიღეს.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ სადმე რამე გადაცდომა იყო, ამას ანტიკორუფციული სამსახური შეისწავლის.

„წარმოდგენა არ მაქვს, მომდევნო საპარლამენტო სიაში ვის ვიხილავთ – ეს ერთი. მეორე – ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანო, ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ კვლევას გადაუგზავნიან. იმდენად ღიაა დღეს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში ეს მედიასივრცე, რომ არაფერი არ დაიმალება. ყველამ ხომ ყველაფერი ვიცით. თუ იქ არსებობს რაიმე იოტისოდენა საფუძველი იმისა, რომ აქ მოკვლევა დაიწყოს, რა თქმა უნდა, დაიწყება“, – ამბობს გიორგი გახარია.

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია, საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს  კი პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.