არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის – გახარია კონგრესის კანონპროექტზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. კითხვაზე, როგორ აფასებს პრემიერი აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ ინიციატივასა და კანონპროექტს, რომელიც კონგრესშია წარდგენილი, გიორგი გახარია პასუხობს, რომ სასიამოვნო ამაში არაფერი არ არის.

თუმცა, პრემიერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ეს არის რიგი პოლიტიკური ძალების მიერ საერთაშორისო პარტნიორების ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესში „ჩათრევის“ მცდელობა.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, ჯერჯერობით, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის ის პუნქტები, რომლებიც იქ ჩამოთვლილია, ქვეყანა, საქართველო, ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, ის შიდაპოლიტიკური მაღალი ტემპერატურა, წინასაარჩევნოდ და  სამწუხაროდ, ეს ჩვენი შიდადაძაბულობა – პოლიტიკური, გარეთაც გადის, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, როცა საუბარი იყო საარჩევნო სისტემასთან დაკაშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდგომ ჩვენი საერთაშორიოს პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ, დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში.

ეს რას ნიშნავს, მარტივია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. თითოეული მათი მხრიდან გამოხატული და ნათქვამი რაღაც საკითხი, ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ პროცესია ეს და ეს პროცესი ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება – მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეულნი ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი. საბოლოოდ ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ავნებს, არამედ ეს ავნებს ქვეყანას. ამიტომ ახლა ყველანი უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და გვესმოდეს ყველას, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები ჩვენი საერთო მიზანია და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“, – ამბობს გიორგი გახარია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. ამიტომ უფრო მეტი კომუნიკაცია და ყურადღებაა საჭირო შიდაპოლიტიკურ პროცესებზე.


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კონგრესში საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ წარდგენილი კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტში საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გაყინვის წინაპირობებია გაწერილი.