არაფრის მომცემი კადრებია, გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული - რამიშვილი დრონის კადრებზე

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების ცენტრის“ იურისტთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იყო მისული.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რამიშვილმა განაცხადა, რომ გაეცნო დრონით გადაღებულ იმ კადრებს, როცა სამართალდამცველები თამარ ბაჩალიაშვილს ჯერ კიდევ ეძებდნენ. ოჯახის ადვოტაკების ინტერესის საგანი იყო, ჩანდა თუ არა ამ კადრებში ადგილი, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა 4-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

„ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ 9 ჩანაწერია. არ არის სამძებრო სამუშაოები, გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა 21-წუთიანია. შემთხვევის ადგილას მიახლოებითაც კი არ არის ტერიტორია დაფიქსირებული. გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული, გაურკვეველი ტყე, რკინიგზის ტერიტორია. არ ვიცი, სად ახორციელებდა თეთრიწყაროს პოლიცია დრონის გადაღებებს და სად ახორციელებდნენ სამძებრო სამუშაოებს, ჩემთვის გაუგებარია.

თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია არანაირ სამძებრო სამუშაოებს არ ახორციელებდა. ალბათ რამდენიმე კილომეტრის იქით ეძებდნენ, რაღაც სოფლები არის დათვალიერებული. არაფრის მომცემი კადრებია, სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც, ბოლო ინფორმაციით, თამარის ავტომობილმა გაიარა.

მივყვებით ახლა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, ჩვენებების გაცნობას და ველოდები სატელიტიდან სურათებს 18-22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე გადაცემული კოორდინატებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდეს, იდგა თუ არა იქ თამარის ავტომობილი“, – განაცხადა რამიშვილმა.

„ადამიანის უფლებების ცენტრის“ წარმომადგენელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბაჩალიაშვილის ძებნის პროცესი ფორმალური იყო.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველები, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად, პროკურატურაში ხვალ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. ომბუდსმენის აპარატს საგამოძიებო უწყება საქმის მასალებს გადასცემს.