არანაირი კავშირი არ არის [არჩევნებთან] - გახარია სოციალური მხარდაჭერის ახალ ეტაპზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო დახმარების ახალ პროგრამას წინასაარჩევნო პერიოდთან კავშირი არ აქვს. გახარიას თქმით, მთავრობამ იჩქარა და ახალი სოციალური დახმარება სპეციალურად დააანონსა ახლა, რომ შემდეგ არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციები არ მოჰყოლოდა.

„ვიცოდით, რომ მსგავსი სპეკულაციები იქნებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ადრე. თორემ გონივრულად რომ წავსულიყავით და ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული, ეფექტიანი ოპოზიცია რომ გვყავდეს, ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო აგვისტოს ბოლოს. უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ცოტა ვიჩქარეთ. არანაირი კავშირი არ არის [არჩევნებთან]. ამ დახმარების მიზანი მოხლოდ ფართო სოციალური ჯგუფების და პირველ რიგში, ბავშვების დახმარებაა“,  – განაცხადა გახარიამ დღეს ბრიფინგზე.

პრემიერმა დღეს სახელმწიფო დახმარებების ახალ ეტაპზე ისაუბრა. მისი თქმით, სასწავლო წლის დაწყებისას ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი. ასევე, ერთი სემესტრის საფასურს დაუფარავს მთავრობა ყველა იმ სტუდენტს, ვინც სოციალურად დაუცველია და მისი სარეიტინგო ქულა 150 000-ზე ნაკლებია.

გიორგი გახარიას თქმით, ასევე, 80 000 თვითდასაქმებულს, რომლებმაც ერთჯერადი პროგრამის ფარგლებში ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, მთავრობის გადაწყვეტილებით, 300 ლარი მაინც დაერიცხება. სახელმწიფო ნოემბრიდან განაახლებს კომუნალური გადასახადების დაფარვის პროგრამასაც.