„არანაირი კავშირი არ არის“ - დეგნანი მოსამართლეების სანქცირებასა და საქართველოში აშშ-ის მოქალაქის არშემოშვებაზე

პუბლიკა

„იმედის“ ეთერში აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეკითხვა დაუსვეს არის თუ არა კავშირი ქართველი მოსამართლეების სანქცირებასა და საქართველოში აშშ-ს მოქალაქის მარშალ ქომინსის არშემოშვებას შორის.

ელჩმა უპასუხა, რომ ამ ორ ფაქტს შორის „არანაირი კავშირი არ არის.“

„არანაირი კავშირი არ არის, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი რაც გვინახავს, ხშირად, რასაც იმეორებს მმართველი პარტია. ეს აბნევს საზოგადოებას, ამერიკას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია საქართველოს დახმარების და რასაც კი ვაკეთებთ ეს არის საქართველოს დასახმარებლად, ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად, ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში და არ არის სასარგებლო როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება კონსპირაციული თეორიები ხანდხან მცდარი ინფომრაცია თუ რას აკეთებს ამერიკა აქ. ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს ჩვენ ვართ ერთგული ამ ურთიერთობის და ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ ასევე საქართველოს ხელმძღვანელობა არ მიატოვებს ამერიკას“,- განაცხადა დეგნანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა  მედიასთან დაადასტურა, რომ საქართელოში აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოუშვეს.

ლილუაშვილი ამბობს, რომ ქომინსი, „შესაძლოა [პიტერ] აკერმანზე უარეს [საქმიანობას] ეწეოდა“, რაზეც, მისი თქმით, არსებობს ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა „მაღალი სანდოობის წყაროებს“.

შეკითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა უწყებას აშშ-ის საელჩო ამ საკითხზე, ლილუაშვილი პასუხობს:

„აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. სავარაუდოდ, ალბათ, თვითონაც კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით“, – ამბობს ის.

ლილუაშვილის თქმით, მარშალ ქომინსი არ შემოუშვეს მას შემდეგ, რაც მხილებულ იქნა, რომ ის მონაწილეობდა მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებაში.