არანაირ კონსულტაციებს არ ვაპირებთ ელჩთან - დარჩიაშვილი

პუბლიკა

სამთავრობო არხის, „იმედის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩის უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ მასთან არანაირ კონსულტაციებს არ გეგმავენ.

„უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაატოვებინონ ჩვენს ელჩს უკრაინის ტერიტორია – ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური. არადიპლომატიური იმიტომ, რომ მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, ელჩის გამოძახების პრაქტიკა კონსულტაციებზე არსებობს, მაგრამ ამას აკეთებს ქვეყანა საკუთარი ელჩების მისამართით და არა ადგილსამყოფელ ქვეყანაში – ის ქვეყანა იღებს ამ გადაწყვეტილებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან“, – თქვა დარჩიაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომ მისთვის შემაშფოთებელია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ის მიმართავს საქართველოს ელჩს უკრაინაში, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.

მმართველ პარტიაში ამაზე საპასუხოდ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ნებისმიერი კონსულტაცია გამორიცხულია და უკრაინის პრეზიდენტის განცხადება შეურაცხმყოფელია.

საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა კიევი უკვე დატოვა.