არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონი ქართველი ცხოვრობს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საზღვრებს გარეთ 1.5 მილიონი ქართველი ცხოვრობს.

მან ანგარიში „ოცნების“ პარლამენტის დიასპორის კომიტეტს წარუდგინა.

მისი განმარტებით, მონაცემები არაოფიციალურია, რადგან ქართველთა ნაწილი საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება და რეალური ციფრის დადგენა ამ მიზეზით ვერ ხერხდება.

კონსტანტინიდის თქმით, ეს ციფრი დიასპორის რამდენიმე ტალღის შედეგია – 1990-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე.

პირობითი ციფრებით შედგენილი სტატისტიკა შემდეგია:

  • რუსეთი – ნახევარი მილიონიდან 700 000-მდე;
  • საბერძნეთი 200 000;
  • აშშ – 120 000;
  • იტალია – 50 000;
  • გერმანია – 50 000;
  • თურქეთი – 45 000 (ისტორიული დიასპორა 1,5 მილიონამდე);
  • საფრანგეთი – 35 000;
  • ესპანეთი 25 000;
  • ბელგია – 20 000;
  • ისრაელი – 20 000;
  • დიდი ბრიტანეთი 10 000.

მისივე თქმით, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს 38 ქვეყანაში, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირებს ქართული დიასპორული გაერთიანებები, რომელთა საქმიანობა ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მათ შორისაა 115 ქართული საკვირაო სკოლა და ქართული ენის შემსწავლელი კურსი, ქართული ცეკვისა და სიმღერის 117 ანსამბლი/ცეკვის შემსწავლელი წრე. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში დაფუძნდა 7 ეპარქია, რომელთა შემადგენლობაში შედის 94 სამრევლო.