„არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობა" - დაკავებული პოლიციელის საქმეზე ბრალი გადაკვალიფიცირდა

პუბლიკა

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ს.გ.-ს ბრალდება არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით წარუდგინა – ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. საუბარია თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ამბავზე, რა დროსაც დაიღუპა ქალი.

თავდაპირველად ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დააკავეს. ეს მუხლი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს. თუმცა, ბრალის ოფიციალურად წარდგენისას მუხლი გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი საბოლოოდ  „არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის” მუხლით წარედგინა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 აპრილს  ს.გ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში. დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ.  გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში,  თავისი კუთვნილი ,,ვიკინგ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ- თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის  შემთხვევის ადგილის დათვალიერება,  ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც  ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის 13 მასრა და ს.გ.-ის საკუთრებაში არსებული „ვიკინგის’’ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. სროლის მანძილზე დანიშნულია ექსპერტიზა, ასევე ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სროლის განხორციელების მომენტში ს.გ. საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მარტო. მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა ს.გ.-ის ბინა დატოვეს სროლის განხორციელებამდე რამდენიმე ხნით ადრე, რაც დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხვისას როგორც თავად აღნიშნულმა სამმა პირმა, ასევე საცხოვრებელი კორპუსის დატოვების ფაქტი ასახულია კორპუსზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით”, – წერს პროკურატურა.

უწყება წერს, რომ ბრალდების მხარე სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

მათი თქმით, ს.გ.-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.