არაქართულენოვან სკოლებში მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემა – კომიტეტის მოკვლევა

პუბლიკა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოკვლევის ანგარიში წარმოადგინა, ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

კომიტეტის მიერ მომზადებული თემატური მოკვლევა ადრეულ და სკოლამდელ განათლებას, ზოგად, უმაღლეს, პროფესიულ და ზრდასრულთა განათლებასა და, ასევე, სახელმწიფო ენის პოლიტიკას მოიცავს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კვლავ თვალსაჩინოა განსხვავება სწავლების ხარისხისა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის მხრივ, ეთნიკურ უმცირესობათა და ქართულენოვან სკოლებს შორის. არაქართულენოვანი სკოლების განათლების ხარისხზე მრავალი კომპლექსური ფაქტორი ახდენს გავლენას. აქვე ნათქვამია, რომ  განსაკუთრებით მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის, პროფესიული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობებისა და სასწავლო რესურსების ხარისხის პრობლემატიკა.

„სისტემაში არსებობს სწრაფვა ეთნიკურ უმცირესობათა სკოლებში ბილინგვური/მულტილინგვური მოდელების დანერგვასა და გააქტიურებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ ეფექტიანი პოლიტიკის გასატარებლად მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა და ყველა დაინტერესებული მხარის ქმედითი კონტრიბუცია. ეს კი შესაძლებელი იქნება ყოვლისმომცველი, ურთიერთდაკავშირებული და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის შემუშავების შემთხვევაში“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ზოგადი განათლების კონტექსტში, გამოიკვეთა შემდეგი მთავარი მიგნებები:

⦁ ეთნიკურ უმცირესობათა სკოლებში მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც დასტურდება საერთაშორისო კვლევებით (აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების შესახებ), ასევე, საატესტატო და ეროვნული გამოცდების შედეგებით.

⦁ იკვეთება არაქართული სკოლებიდან მოსწავლეთა ქართულ სკოლებში გადინების ტენდენცია, თუმცა ინფორმაცია მათ აკადემიურ წარმატებებზე ქართულენოვან სკოლებში, არ არის ხელმისაწვდომი.

⦁ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების საშუალო ასაკი ქვეყნის არსებულ საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. ენობრივი ბარიერის გამო, მათ არ აქვთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, ასევე, პროფესიული კომპეტენციების დადასტურების საშუალება.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, EMIS-ის მონაცემების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლის პერიოდში, არაქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში სულ 8046 მასწავლებელი მუშაობდა.

„პროფესიული მომზადების შესაძლებლობების სიმცირის, კადრების დაბერების ქვეყანაში არსებულზე მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებლის, სახელმწიფო ენის ფლობის დაბალი კომპეტენციის და ეთნიკური უმცირესობების სკოლებში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მთლიანობაში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ქართულენოვანი კოლეგებისას.

ამას ადასტურებს მოკვლევის ფარგლებში სხვადასხვა დაინტერესებული მხარისაგან შემოსული ინფორმაციაც. კვალიფიციური საგნობრივი მასწავლებლების დეფიციტთან ერთად, სახელდებოდა ქართული ენის კომპეტენტური მასწავლებლების სიმცირეც, განსაკუთრებით, მოშორებით მდებარე სასოფლო დასახლების სკოლებში“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

⦁ პედაგოგიური კოლექტივის უდიდესი ნაწილი არ ფლობს სახელმწიფო ენას სათანადო დონეზე; შესაბამისად, არ არის საკმარისად ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო მოვლენებსა და თანამედროვე სწავლების მიდგომებზე და ვერ აწვდის მოსწავლეებს სათანადო განათლებას.

⦁ დირექტორთა დიდი ნაწილი არ არის სათანადოდ მომზადებული სკოლისა და სასწავლო ლიდერის როლის შესასრულებლად. ისინი არ ფლობენ საკმარის პროფესიულ და ენობრივ კომპეტენციებს, არ არიან ორიენტირებულნი სკოლისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე და ვერ ახერხებენ მოსწავლეთა/მასწავლებელთა აქტიურ ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში.

„მიუხედავად დიდი ძალისხმევისა და რესურსისა, რომლებიც ჩაიდო „ლიდერობის აკადემიის“ მოდულებისა და შესაბამისი მასალების თარგმნაში, ასევე, სატრენინგო სესიების ჩატარებაში, კურსში მონაწილე არაქართულენოვან დირექტორთა წილი (80%) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ქართულენოვანი სკოლების დირექტორთა წილს (93%)“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

⦁ არაქართულენოვანი სკოლებისათვის ნაწილობრივ გამოწვევას წარმოადგენს ხარისხიანი სასწავლო რესურსები და სახელმძღვანელოები, როგორც სახელმწიფო, ასევე მშობლიურ ენაზე.

„პრობლემური საკითხია ეთნიკურ უმცირესობათა მშობლიური ენის სახელმძღვანელოებიც, რომლებიც საქართველოში არ შემუშავებულა და მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის.

მშობლიური ენის სასწავლო გეგმა შეიქმნა დაწყებითი და საბაზო საფეხურებისთვისაც. მისი დამტკიცების შემდგომ, სხვა საგნებთან ერთად, მშობლიურ ენაშიც გამოცხადდა სახელმძღვანელოთა გრიფირების კონკურსი, თუმცა არცერთ გამომცემლობას არ შემოუტანია საკონკურსოდ შესაბამისი მასალა. სახელმძღვანელოების პრობლემა აფერხებს ეთნიკურ უმცირესობათა თვითიდენტიფიკაციასა და მოქალაქეობრივი აღქმების ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, სწრაფვას ეროვნული ინტეგრაციისკენ. ამ კუთხით, იკვეთება ხელმისაწვდომობისა და სასწავლო გეგმასთან თავსებადობის პრობლემებიც. წლების განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანში სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა 11-წლიან ციკლს მოიცავდა, შესაბამისად, მე-12 კლასში მოსწავლეები შესაბამისი სახელმძღვანელოების გარეშე რჩებოდნენ“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე ნათქვამია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ეხება ძველ სახელმძღვანელოებს. ახალ, გრიფირებულ სახელმძღვანელოებში პრობლემა სრულად აღმოიფხვრა: „სახელმწიფოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სოციალურ-კულტურულ თავისებურებათა დაფასება/პატივისცემა, ასევე, დადებითი დამოკიდებულება სოციალურ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ, ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი თემაა და გრიფირებული სახელმძღვანელოები სრულად შეესაბამება მას.“

⦁ პრობლემურია სახელმწიფო ენის სწავლა-სწავლების საკითხი, რაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობით, არასაკმარისი და უხარისხო რესურსებით, ადგილობრივი, მონოლინგვური გარემოს არსებობით, კლასგარეშე და არაფორმალური აქტივობების სიმცირითა და ქართულენოვან საზოგადოებასთან და სკოლებთან კოორდინაციის ნაკლებობით არის გამოწვეული.

⦁ ბილინგვური განათლების პროცესი ნელა ინერგება .

 

LB loan image desktop LB loan image mobile