„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.
კვლევაში აღნიშულია, რომ „Momxmarebeli.ge-ზე“ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 36 დასახელების სასურსათო პროდუქტი შეიძინა და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად გაგზავნა.
მათი ინფორმაციით, საღებავი „სუდან 1“ სამ პროდუქტში აღმოჩნდა: „ხათოს აფხაზური აჯიკა”, აჯიკა Waime! (ვაიმე), ტომატის საწებელი ცხარე „სუპრემო” .
ორგანიზაცია წერს, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში „სუდანის~ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა.
სურსათის დაბინძურებული პარტიები ბაზრიდან გამოითხოვეს და მათი გაყიდვა აიკრძალა. საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.
ანალოგიური კვლევა, „momxmarebeli.ge-მ“ 2019 წელსაც ჩაატარა, რის შედეგადაც 42 ნიმუშიდან არასაკვები საღებავები 6-ში აღმოჩნდა.