სიცრუეა ინფორმაცია, რომ თითქოს თანამდებობა გელათის არასათანადო რეაბილიტაციის გამო დავტოვე - ანთიძე

პუბლიკა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ სოციალურ ქსელში მისი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა და უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს მან თანამდებობა გელათის ტაძრის არასათანადო რეაბილიტაციის გამო დატოვა.

„საზოგადოებრივი-საინფორმაციო საშუალებებით კეთდება განცხადებები, თითქოს თანამდებობა გელათის ტაძრის არასათანადო რეაბილიტაციის გამო დავტოვე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არა მხოლოდ იურიდიული, არამედ მორალური კუთხით ამ საკითხში არც მე და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ბრალი არ მიუძღვის“, – აღნიშნა ანთიძემ.

ანთიძის მტკიცებით, როდესაც გელათთან დაკავშირებით პრობლემებმა თავი იჩინა, მან და მისმა სამსახურმა, მათივე უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყონებლივი რეაგირება მოახდინეს.

„ვუერთდები საზოგადოების წრფელ გულისტკივილს გელათის ტაძართან დაკავშირებით და მინდა მოგახსენოთ, რომ იმ დროიდან, როდესაც პრობლემებმა თავი იჩინა, მე და ჩემმა სამსახურმა, ჩვენს მიერ უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყონებლივი რეაგირება მოვახდინეთ.

შემდეგ პროცესებმა პოლიტიკურად ანგაჟირებული სახე მიიღო. ამ პროცესში ჩაერთვნენ ადამიანები, რომელთაც ამ სფეროში, მართლაც, პროფესიული შეცდომები ჰქონდათ დაშვებული და რომლის მსგავსი ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში არც კი მომხდარა. საქმის მკეთებელი ადამიანი არ არის დაზღვეული შეცდომებისაგან და ასევე ვიყავი მეც, მაგრამ დარგისთვის მიუღებელი და მორალური შეცდომა ქვეყნის მემკვიდრეობის წინაშე არ დაგვიშვია“, – განაცხადა ანთიძემ.


ინფორმაცია ნიკა ანთიძის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ 21 აპრილს გახდა ცნობილი.

უწყებაში განაცხადეს, რომ ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ცნობით, განცხადება მინისტრმა, თეა წულუკიანმა დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ ანთიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.