არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით,  სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„გამოძიებით დადასტურდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის ა.ა.-ს თანდასწრებით მეუღლეს ნ.ა.-ს ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა-ს არაადამიანურად ეპყრობოდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა და ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა. აღნიშნულით გამოწვეული ძლიერი ფსიქიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის გამო, ა.ა-მ, 2020 წლის 23 აგვისტოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, ფ.ა. 2020 წლის 24 აგვიტოს დააკავეს. მას ბრალდება პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

პროკურატურის ცნობით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდება.