არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე UNICEF განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

გაეროს ბავშვთა ფონდი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსსა და მართლმასაჯულების სისტემაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე განცხადებას ავრცელებს.

UNICEF-ის მითითებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა დაიცვას კანონთან კონტაქტში მყოფი თითოეული ბავშვის ღირსება. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი  ამკვიდრებს მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებულ მიდგომას და ავალდებულებს ყველა პროფესიონალს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ არასრულწლოვნის საქმეს, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

იხილეთ ორგანიზაციის განცხადება სრულად.

„გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, შექმნან ბავშვის ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. კონვენციის მიხედვით დაუშვებელია ბავშვის იძულება, ჩვენება მისცეს მოწმის ან სხვა ნებისმიერი სტატუსით და აღიაროს დანაშაული. ასევე, აკრძალულია ბავშვის წამება ან სხვა სასტიკი, არაადამიანური,  ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯა.

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამკვიდრებს მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებულ მიდგომას და ავალდებულებს ყველა პროფესიონალს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ არასრულწლოვნის საქმეს, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

პოლიცია მართლმსაჯულების სისტემასთან შეხების პირველი წერტილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიციის კადრები დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომელთაც ექნებათ არასრულწლოვნებთან მუშაობის მოტივაცია, ცოდნა, შესაბამისი უნარები და საკითხის მიმართ მგრძნობელობა.

იმისათვის, რომ მოხდეს ბავშვზე მორგებული მიდგომების დანერგვა აუცილებელია:

  • პოლიციის სისტემაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ ყველა უწყებაში შეიქმნას სპეციალური დანაყოფები ან გამოიყოს პროფესიონალები, რომლებიც მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეებით იქნებიან დაკავებულნი. მნიშვნელოვანია განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩეს კადრები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში გაივლიან გადამზადებას და მათ საქმიანობაზე რეგულარულად განხორციელდება მონიტორინგი.
  • უაღრესად მნიშვნელოვანია, საშუალო რგოლის მენეჯერებმა გააცნობიერონ ბავშვზე მორგებული მიდგომების მნიშვნელობა, რათა ხელი შეუწყონ პროფესიონალებს მათი საქმიანობის განხორციელებაში.
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დანაშაულის მოწმე ყველა ბავშვს  ხელი მიუწვდებოდეს იურიდიულ დახმარებაზე სისტემასთან კონტაქტის პირველივე წუთებიდან.

აუცილებელია, მუდმივი ზედამხედველობა გაეწიოს ბავშვებთან დაკავშირებულ შემთხვევებს, რათა მოხდეს იდენტიფიცირება და რეაგირება ბავშვთა უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე მართლმსაჯულების სისტემაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მთავრობის მხარდაჭერას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიზნით, რათა დაინერგოს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.