არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს უკრაინაში ყველა მებრძოლს ენმ-ის წევრები ვუწოდე - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანასთან დაკავშირებით თავისი განცხადება განმარტა. მისი თქმით, ის პატივს სცემს ყველა „ფორმიანს“, მისი განცხადება კი არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

პრემიერის განმარტებით, ქართველი მებრძოლების ნაწილი უკრაინაში „თავისი იდეალისტური დამოკიდებულებით“ იბრძვის, მაგრამ არის კატეგორიაც, რომელიც მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაიყვანა.

„მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს თქვენი დამსახურებაა, რომ არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეთ. თითქოს მე ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს უკრაინაში ომობს,  ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს დიდი სიცრუეა, ამას ავრცელებდით თქვენ ყველა.

მე ვთქვი შემდეგი და ახლა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სრულიად ცხადად იყოს გაგებული. უნდა გაიმიჯნოს:

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ, რომ არიან ადამიანები, კონკრეტული გვარებით და სახელებით, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილთან.

არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, თავისი იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მათზე, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი „ნაცმოძრაობის“ და ომის პარტიის მიერ.

მე ვთქვი შემდეგი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უნდა გაიმიჯნოს. არის კატეგორია – რამდენიმე ადამიანი, შეიძლება ათეულიც იყოს, რომლებიც არიან დიახაც, სააკაშვილის ომის პარტიის, იმ პარტიის, ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს და ომის შემდეგ გადასცა სტრატეგიული ობიექტები, მათ მიერ წაყვანილი და ორგანიზებული, ამისი მტკიცებულებები არსებობს.

ეს ადამიანები არიან პირდაპირ ასოცირებული… ზოგიერთი ეს ადამიანი დღესაც პარტიის წევრია. მაგალითად, ვინმე მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი. მისი და „ნაცმოძრაობიდან“ იყო პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებში, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ.

ჯერ მე ასე მესმის, მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს – ღმერთმა მოგცეს საშუალება, რომ იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და  რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური განცხადებების კეთება ფრონტიდან მე არ ვიცი, რა სტილია საერთოდ“, – თქვა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

პრემიერის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში დაღუპული მებრძოლები „ღირსეულად გადმოასვენონ“.

„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ სამხედრო პატივით ყველა ეს ადამიანი მიებარება მიწას.

საერთოდ მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის, ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ, ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს, განსაცდელში, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.