არასწორია, რომ ეს სააკაშვილის უფლების შეზღუდვაა - სარჯველაძე დეპუტატების შეშვებაზე

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ თუ დეპუტატებს მასთან არ შეუშვებენ, შეწყვეტდა დღეიდან მედიკამენტების მიღებას, უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პასუხობს.

მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობა აკრძალულია აქვს სააკაშვილს, მაგრამ მეორე მხრივ, დეპუტატებისთვის უფლების მიცემა, რომ პატიმარი მოინახულოს, ეს არ არის უფლება, რომლითაც პატიმარი სარგებლობს.

„პატიმარს კი არ რთავენ ნებას, ნებას რთავენ დეპუტატს. როდესაც ასეთ პრიზმაში ვსახავთ საკითხს, რომ ეს არის სააკაშვილის უფლების შეზღუდვა, ეს არასწორი და მცდარი მოსაზრებაა.

დეპუტატებს რაც შეეხებათ, ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული ფორმალური საკითხები გადასაწყვეტი. ყველა გარემოება მხედველობაში მისაღებია და როდესაც რაღაც გადაწყვეტილებაზე დისკუსია მიმდინარეობს, ეს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ჩაითვალოს და მოინათლოს როგორც რაღაც წინააღმდეგობის გაწევა და ხელოვნური ბარიერების შექმნა“, – ამბობს მიხეილ სარჯველაზე 1tv.ge-სთან.

მიხეილ სარჯველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან განმარტავს, რატომ რ აქვს პოლიტიკური აქტივობის უფლება საქართველოში მიხეილ სააკაშვილს.

„ორი მნიშვნელოვანი წინაღობა აქვს ამ შემთხვევაში სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით. პირველი, ეს არის მოქალაქეობის საკითხი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ყველა ცივილიზებული სახელმწიფოს კანონმდებლობით, პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები პოლიტიკურ პროცესში, როგორც აქტიური საარჩევნო უფლების, ისე პასიური საარჩევნო უფლების თვალსაზრისით.

მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მხედველობაშია მისაღები, ეს არის მისი მსჯავრდებულობა. მსჯავრდებულობა ავტომატურად ყველა უფლებას არ ართმევს პირს პოლიტიკაში მონაწილეობისას, მაგრამ ცალკეული თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას რასაკვირველია, რომ უზღუდავს“, –  აცხადებს სარჯველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან.