„არავინ არაა გატაცებული" - დარჩიაშვილი მექსიკის საზღვართან ქართველების სავარაუდო გატაცებაზე

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მექსიკის საზღვართან საქართველოს მოქალაქეების სავარაუდო გატაცების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „არასწორს“ უწოდებს და ამბობს, რომ „არავინ არ არის გატაცებული”.

„თქვენ გარდა ქართველების გატაცებაზე არავინ არ საუბრობს, ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მაყურებელი შეცდომაში. გქონდეთ იმის ძალა, რომ როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია. ამ გატაცების შესახებ არ საუბრობს არავინ თქვენ გარდა და მოგიწოდებთ, რომ სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ.

ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც არ გაქვთ ინფორმაცია, ნუ საუბრობთ, ნუ აყენებთ ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შეიძლება რაღაც გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს.

არავინ არ არის გატაცებული, თუკი ნებისმიერ ადამიანს, რომელიმე ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ სხვა, დასჭირდება ჩვენი, თითოეული დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, გავაგრძელებთ მომავალშიც. მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი”, – აცხადებს მინისტრი.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცა. ტელეკომპანია სოციალურ ქსელში სავარაუდოდ გატაცებული პირის მიმოწერასაც ავრცელებს, რომელშიც ის წერს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, გაიტაცეს საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად და გამოსასყიდს მოითხოვენ.

ერთ-ერთი, სავარაუდოდ, გატაცებული პირის ახლობელი ტელეკომპანიასთან ამბობს, რომ ახლა გატაცებულებთან კონტაქტზე ვეღარ გადიან.