მექსიკაში საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცეს - „მთავარი არხი“

პუბლიკა

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მექსიკაში კრიმინალურმა დაჯგუფებამ, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი გაიტაცა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც.

როგორც „პუბლიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მექსიკაში საქართველოს საელჩო არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს.

„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცა. ტელეკომპანია სოციალურ ქსელში სავარაუდოდ გატაცებული პირის მიმოწერასაც ავრცელებს, რომელშიც ის წერს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, გაიტაცეს საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად და გამოსასყიდს მოითხოვენ.

ერთ-ერთი, სავარაუდოდ გატაცებული პირის ახლობელი ტელეკომპანიასთან ამბობს, რომ ახლა გატაცებულებთან კონტაქტზე ვეღარ გადიან.

„მხოლოდ SMS-ის მოწერის საშუალება მისცეს, მეტი არაფრის. რაც ჩანს მიმოწერის „სქრინში“ მაგის გარდა ვერ მოასწრო დალაპარაკება, წაართვეს ტელეფონი და კავშირი გაწყდა. არიან სხვებიც, ქართველები, 30-მდე ადამიანი და ამ 30 ადამიანის სანაცვლოდ მოითხოვენ 90 000 დოლარს“, – ამბობს „მთავარ არხთან“ მამუკა ტოროშელიძე.