„არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსების შემოსვლას" - კელი დეგნანი

პუბლიკა

„არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსების შემოსვლას“, – ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში შემოსვლას.

ელჩის თქმით, ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, რომ გამოხატონ საკუთარი პროტესტი.

„არ არის მნიშვნელოვანი რას ვფიქრობ მე, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომლებმაც მკაფიოდ აჩვენეს, რომ არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ ისინი მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი. ამ ქვეყნის გამო ოჯახებია დაყოფილი ხელოვნური ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლებით.

არავინ უნდა ელოდოს, რომ საქართველოში მიესალმებიან იმ ქვეყნიდან  ჩამოსულ ხალხს, რომელიც აკავებს საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან ეს რამდენიმე თვე გრძელდება. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი სახმელეთო გზით შემოდის, თუ ზღვით. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია კონსტიტუციით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დღეს, 31 ივლისს გამთენიისას Astoria Grande-მ რუსი ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა. მოქალაქეები ბათუმის პორტში გემის შემოსვლას აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, პროტესტის დროს პოლიციამ 9 პირი დააკავა.