არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა - თაბაგარი

პუბლიკა

Tbilisi Pride-ის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ქმედებები –  5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების – „ალტ-ინფოს“ წევრებისა და მამა-შვილი ფალავანდიშვილების  სახლების ჩხრეკა და გამოკითხვაზე დაბარება არაფერს შეცვლის, სანამ ყველა მათგანი ციხეში არ აღმოჩნდება.

„შსს-ს 5 ივლისამდე ყოველ შეხვედრაზე ვაწვდიდით ინფორმაციას ალტ-ინფოს ორგანიზებაზე. პირადადაც ჩავურთე ვიდეო ზურა მახარაძის ძალადობრივ მოწოდებაზე, იმეილებზეც დავუგზავნეთ სქრინები. მაშინ გამოკითხვაზე დაიბარეს თავის მოსაჩვენებლად და შემდეგ შეხვედრაზე თავიც მოიწონეს, აი, ხო ვმუშაობთო…

შემდეგ იყო 1 ივლისი და ფილმის ჩვენება, სადაც ბოთლებს, ქვებს და კვერცხებს ისროდნენ გავეშებული ტერორისტები, ცდილობდნენ შენობაში შემოჭრას, სწორედ „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით. ხილული ძალადობაც არ აღმოჩნდა საკმარისი მათ დასაკავებლად. 5 ივლისამდე თუ ცოტათი საბელზე ჰყავდათ გამობმული, ხუთში საბოლოოდ აუშვეს ველური ცხოველები და პირდაპირ მოგვიქსიეს აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.

„პუბლიკის“ მომზადებულ ვიდეოში ძალიან კარგად გამოჩნდა, თუ როგორ ითანამშრომლა პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფებასა და მათ ლიდერებთან. ისიც გამოჩნდა, თუ რა ოპერატიულად იღებდნენ ეს ჯგუფები ჩვენი გადაადგილების მარშრუტებს და როგორღაც ყოველ ჯერზე პოლიციაზე ადრე ახერხებდნენ ყველგან მისვლას. ამიტომ არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ძალადობის ყველა ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა! სანამ პოგრომის თანამონაწილე ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას!“, – წერს თაბაგარი.


პოლიციაში იმყოფებიან ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ყველა წევრი – შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია.  ასევე, მოძრაობა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ლიდერები – ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილიც.  პოლიციამ დღეს დილით ყოველი მათგანის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

პოლიციაშია დეკანოზიც, რომელიც 5 ივლისს მრევლს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებდა